აშშ-მ ფულადი გადარიცხვების სისტემა Unistream-ს, Tinkoff Bank-ს და Loco Bank-ს მკაცრი სანქციები დაუწესა.

რუსული მედიის ინფორმაციით, Unistream ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა იყო რუსეთიდან სხვადასხვა ქვეყნებში ფულადი გადარიცხვების განხორციელებისთვის.

თუმცა Unistream-ში ამბობენ, რომ შეიმუშავეს „ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს, ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს შეუფერხებელი მუშაობა პარტნიორებთან“. რას გულისხმობს აღნიშნული გადაწყვეტილება, კომპანიაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.

Unistream საქართველოში ყველაზე პოპულარული სისტემაა ფულადი გადმორიცხვებისთვის და ბოლო პერიოდში ის ფულადი გზავნილების სისტემებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

2023 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 353.2 მლნ აშშ დოლარი (924.5 მლნ ლარი) შეადგინა. ფულადი გზავნილების სისტემებს შორის პირველ ადგილზეა რუსული Unistream-ი, რომლის საშუალებითაც ქვეყანაში, მხოლოდ ივნისში 77 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2023 წლის პირველ ნახევარში კი აღნიშნული სისტემის საშუალებით ქვეყანაში 762 მლნ დოლარის თანხა შემოვიდა.