ქართულმა ბანკებმა „ქართუმ“, „ტერაბანკმა“ და ყაზახური Halyk Bank-ის ფილიალმა საქართველოში შეაჩერეს ფულადი გზავნილების გადარიცხვა რუსული Unistream სისტემიდან, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. ამის შესახებ TASS-ს ბანკებში განუცხადეს.
„Unistream ამ ეტაპზე ორშაბათიდან შეჩერებულია. მათ ტექნიკური პრობლემები აქვთ, ამიტომ ვერ მოვახერხებთ მომსახურებას“, - განაცხადეს „ქართუ“ ბანკში.
ტერაბანკმა, რომლის საკონტროლო წილს არაბეთის გაერთიანებული საამიროები ფლობს და Halyk Bank-მა ასევე განუცხადეს მედიას Unistream სისტემის მომსახურების შეჩერების შესახებ.
„პროკრედიტ ბანკში“, „პაშა ბანკსა“ და „იშბანკში“ კი აცხადებენ, რომ ისინი Unistream სისტემასთან არც აქამდე თანამშრომლობდნენ.
21 ივლისს „თიბისი“, „ლიბერთი“, „საქართველოს ბანკი“, „კრედო ბანკი“ და „ბაზისბანკი“ აცხადებდნენ, რომ Unistream სისტემამ მუშაობა შეაჩერა. ასევე, საგადახდო სისტემის მომსახურებაში გაუმართაობა დაფიქსირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Rico Credit-ში.
აშშ-ის ხელისუფლებამ დამატებით ხუთი რუსული საკრედიტო ინსტიტუტის წინააღმდეგ სანქციები 20 ივლისს დააწესა, რომელთა შორის Unistream-ც მოხვდა.