არასწორად დარიცხული საპენსიო შენატანის გამო დამსაქმებლების დაჯარიმების არსებული მოდელის შეცვლა იგეგმება. აღნიშნულის შესახებ ცვლილებების შეტანა დაგეგმილია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში.

ცვლილებების ინიციატორები არიან დეპუტატები: ნინო წილოსანი, პაატა კვიჟინაძე, რამინა ბერაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, დათო კოდუა, ზაზა ლომინაძე, შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, მარიამ ლაშხი, ვლადიმერ კახაძე და ზაალ მიქელაძე.

შეგახსენებთ, ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ბიზნესი არასწორად დარიცხული საპენსიო შენატანის გამო ჯარიმდებიან, 2025 წლის 1-ელ მაისს შევიდა ძალაში. კანონის ამოქმედებიდან თვე-ნახევარში კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. პროექტის ინიციატორების განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია „ბიზნესის არაერთგვაროვანი შეფასებითა“ და რიგი „პრობლემური საკითხებით“.

კანონპროექტის მიხედვით, დაზუსტდება საპენსიო შენატანის განუხორციელებლობასთან დაკავშირებით ჯარიმის დაკისრების საკითხი და საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობასთან კუთხით საურავის დაკისრების წესი და პირობები გაიმიჯნება. შედეგად, საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა ავტომატურად გამოიწვევს დამსაქმებლისათვის საურავის დაკისრებას, ხოლო ჯარიმის გამოწერასთან დაკავშირებით კონკრეტული პირობები განისაზღვრა.

კერძოდ, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებელს დაეკისრება საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა.

„საურავის დარიცხვა ხორციელდება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან და გრძელდება დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებამდე. იმ შემთხვევაშიც, თუ ვალდებულების დარღვევის ფაქტის იდენტიფიცირება მოხდება გასულ თარიღით, აღნიშნული თარიღიდან მოყოლებული, შესაბამისი ვალდებულების სრულად შესრულებამდე დამსაქმებელს დაეკისრება საურავი“, - აღნიშნულია საკანონმდებლო პაკეტში.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას, პროექტის მიხედვით, დამსაქმებელს სანქცია დაეკისრება არსებულთან შედარებით უფრო შეზღუდულ შემთხვევებში. კერძოდ, ჯარიმა დაეკისრება ბიზნეს სუბიექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იდენტიფიცირებული იქნება საპენსიო შენატანის ვალდებულების სრულად შეუსრულებლობა.

„დაჯარიმებას არ დაექვემდებარება ისეთი შემთხვევა, თუკი დამსაქმებელმა წარმოადგინა საშემოსავლო დეკლარაცია და შემდგომ შეასწორა/დააზუსტა აღნიშნული დეკლარაცია (მათ შორის და არა მხოლოდ: დეკლარაციაში დაამატა დასაქმებული, შეცვალა განაცემის ტიპი, შეცვალა საპენსიო შენატანის მოცულობა და ა.შ.), მაგრამ შესწორებული საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით უნდა მოხდეს შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანის სრულად განხორციელება“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის პროცესში საპენსიო ფონდის უფლებამოსილების გაზრდას.

„საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს (დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს) მოსთხოვოს ან/და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საპენსიო შენატანის ან/და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ან/და მათი კორექტირების შესახებ და ამ ინფორმაციით იხელმძღვანელოს დამსაქმებლისთვის ჯარიმის/საურავის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ინიციატორები ითხოვენ, რომ საკითხის განხილვა დაჩქარებული წესით - საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოდეს. რაც შეეხება ვადებს, პროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას.

ინფორმაციისთვის, 2025 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედებული ცვლილებების მიხედვით, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლ(ებ)ის გეგმური და არაგეგმური მონიტორინგი. მოქმედი კანონით, ამ ვადიდან დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით კი 1000 ლარის ოდენობით.

www.bpn.ge