OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის, სემ ოლტმენის განცხადებით, Meta-მ მისი კომპანიის თანამშრომლებს, გადასაბირებლად, $100 მილიონის ბონუსები შესთავაზა. თუმცა, ოლტმენის ინფორმაციითვე, დასაქმების შესახებ Meta-ს წინადადებას მისი საუკეთესო თანამშრომლებიდან ჯერ არცერთი არ დათანხმებია.
„მათ [Meta] ჩვენი გუნდის წევრებისთვის მასშტაბური შეთავაზებების გაკეთება დაიწყეს. წარმოიდგინეთ, დაახლოებით $100 მილიონის ბონუსები მხოლოდ სამსახურის შეთავაზებაზე თანხმობის შემთხვევაში. ეს იმაზე მეტია, ვიდრე წლიური კომპენსაცია“, – განაცხადა ოლტმენმა Uncapped-ის პოდკასტში და ისიც დასძინა, რომ Meta მის კომპანიას თავის უდიდეს კონკურენტად განიხილავს.
ოლტმენის განცხადებაზე Meta-ს ამ ეტაპისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა ამერიკული კომპანიის ბოლოდროინდელი ქმედებები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მის ამბიციებზე მეტყველებს. მაგალითად, Meta, ბაზრის სხვა მოთამაშეებისთვის კონკურენციის გაწევის მიზნით, სუპერინტელექტის განყოფილების შექმნაზე უკვე მუშაობს.
ამასთან ერთად კი, ცოტა ხნის წინ, Meta-მ $14.3 მილიარდად AI-სტარტაპ Scale AI-ის წილის შეძენის შესახებაც განაცხადა. შეთანხმების თანახმად, Scale AI-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრ ვანგი Meta-ში მაღალ პოზიციას დაიკავებს და ის სწორედ კომპანიის ახალ, სუპერინტელექტის ლაბორატორიას უხელმძღვანელებს.