"ალბათ, ბევრი საფუძველი გვაქვს იმის, რატომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ნათია თურნავა ამ სიაშია და რატომ უნდა დასანქცირდეს იგი", - ასე ეხმაურება "სტემსქეილის" კომერციალიზაციის და გლობალური კავშირების დირექტორი ნათია თურნავას შესაძლო დასანქცირებას. დავით არჩვაძის განცხადებით, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დასანქცირება ქვეყნისთვის დიდი დარტყმა იქნება.

საქმე ის არის, რომ ნათია თურნავა იმ 26 პირიდან ერთ-ერთია, რომელთა დასანქცირება, რამდენიმე დღის წინ, კონგრესმენებმა შეერთებული შტატების მომავალი სახელმწიფო მდივანს მოსთხოვეს."რადიო თავისუფლების" წყაროს ცნობით, მარკო რუბიოს კონგრესიდან წერილი გაუგზავნეს და საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნეს სცენაზე მყოფი პირების დასანქცირება მოითხოვეს. ამ ადამიანებს ისინი ივანიშვილის მაცოცხლებელთა ქსელის ნაწილად მოიხსენიებენ.

აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავამ, თავის დროზე, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების საგამონაკლისო წესი მიიღო, რომელიც მან ყოფილი გენერალური პროკურორის და "ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ აამოქმედა. ამ წესის მიხედვით, თუ დასანქცირებულ პირს ქართული სასამართლო არ გაამტყუნებს, სანქცია არ უნდა აღსრულდეს. დაიცავს თუ არა ნათია თურნავას მის მიერ მიღებული კანონი, იმ შემთხვევაში თუ ის შეერთებული შტატების სანქცირებულთა სიაში თავადაც მოხვდება, ეკონომისტის თქმით, ეს სანქციის ტიპზე და მიზეზზე იქნება დამოკიდებული.

"საშუალებას არ გვაძლევს არაფერი, ვიფიქროთ, რომ მსგავს კანონს არ გამოიყენებს ნათია თურნავა საკუთარი თავისთვის. მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ არც სანქცია და არც ეს კანონი გახდება საჭირო. მანამდე იქნებ გონს მოეგოს სისტემა, ვინაიდან ამერიკული და დასავლური სანქციები,როგორც არის აღქმული, რომ სადამსჯელო ღონისძიებებია და მიზანია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების, იგივე რაღაც გამოგონილი ორგანიზაციების, რომ დასაჯონ ქართველები ქართული საქმის კეთებისთვის, ეს ასე არ არის. ეს სანქციები არის მექანიზმი, რომ პროცესები დაბრუნდეს დემოკრატიულ ჩარჩოებში", - აღნიშნა მან BMG-სთან.

ამასთან, დავით არჩვაძე არ გამორიცხავს, რომ ნათია თურნავას დასანქცირების შემთხვევაში, მას კომერციული ბანკებიც არ მოემსახურონ.

"შესაძლებელი არის და აუცილებელიც იქნება, რომ ბანკები არ მოემსახურონ, რადგან სანქციების გვერდის ავლისთვის დახმარება არანაკლებ დამაზიანებელ შედეგებს ითვალისწინებს. ვთვლი, რომ ჩვენი საბანკო სისტემა საკმარისად დასავლურია. შესაბამისად, ვერ წარმომიდგენია, რისკის ქვეშ როგორ შეიძლება დააყენონ ბანკებმა ამხელა პორტფელი და მთელი ქართული საზოგადოება, თუნდაც ეროვნული ბანის პრეზიდენტის დასაცავად. ალბათ, შესაძლებელი და აუცილებელი იქნება ამ სანქციების აღსრულება", - განაცხადა მან.

bm.ge