კომერსანტის თემის ეთერში საუბრისას ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა ციფრული ლარის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სხვადასხვა სიკეთესთან ერთად ციფრული ლარი რისკებსაც შეიცავს. ბაირახტარის თქმით, ციფრული ლარის არსებობის პირობებში მთავრობას ტოტალური კონტროლის შესაძლებლობა ექნება მოქალაქეებზე. მისი განმარტებით, ამ რისკის გადასაზღვევად საჭიროა, რომ ადამიანებს თანხის ქეშად ქონის უფლება არ შეეზღუდოთ.

“ციფრული ლარის შემოღების მხარდაჭერები აპელირებენ, რომ სხვადასხვა ტრანზაქციები უფრო სწრაფად განხორციელდება, შესაძლებელია მისმა ღირებულებამაც დაიკლოს და ასე შემდეგ. ეს ნამდვილად შესაძლებელია, რომ ასე იყოს, მაგრამ უნდა ვისაუბროთ ციფრული ლარის მეორე მხარეზე, კერძოდ, ეს იქნება რეალურად  ხელისუფლების ხელში სრული კონტროლის მექანიზმი. მთავრობას შეეძლება უკლებლივ  ყველა მოქმედება გააკონტროლოს ადამიანის, როგორც ეს ჩინეთში ხდება.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთავრობას თუ თქვენი შევიწროება მოუნდება, მას შესაძლებლობა ექნება შეგიზღუდოთ წვდომა თქვენს საკუთრებაში არსებულ 1 ლარზეც კი.

ბუნებრივია ეს ყველაფერი რისკებს შეიცავს, რომელსაც სჭირდება დაზღვევა. ამისი ნათელი მაგალითია  სხვადასხვა ქვეყანა, სადაც ციფრული ვალუტის შემოღების პარალელურად კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ ისინი შეინარჩუნებდნენ ქეშსაც ეკონომიკაში. შესაბამისად, ქეში ზემოთ ჩამოთვლილი რისკების ერთგვარ გადაზღვევის მექანიზმად მიიჩნევა, ამიტომ აუცილებელია, რომ თუ შემოვიღებთ ციფრულ ლარს კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ ქეშის ქონა მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ“. - აცხადებს პაატა ბაირახტარი.