Bloomberg-ის 500 მილიარდერის სიაში მყოფი ქართველი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ახალ რეკორდულ მაჩვენებელზეა. რეიტინგში ივანიშვილი 399-ე ადგილს იკავებს.
ამავე რეიტინგის მიხედვით, ამ დროისთვის ივანიშვილის ქონება 7.8 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის იანვრიდან დღემდე მისი ქონება 300 მლნ დოლარით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში 1.5 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, გასული წლის 15 თებერვალს, Bloomberg-ის თანახმად, ივანიშვილის ქონება 6.75 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
Bloomberg-ის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ქონების ზრდა/კლების ტენდენცია ასე გამოყურება:
Bloomberg-ი წერს, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში 90-იან წლებში სხვადასხვა ბიზნესით გამოიმუშავა, მათ შორის: რკინის მადნის მწარმოებლების, ფოლადის ქარხნების, ბანკებისა და უძრავი ქონების კოლექციის აშენებით. მან თავისი აქტივების უმეტესი ნაწილი 2003-2006 წლებში გაყიდა, ხოლო დანარჩენი 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის წინა პერიოდში. თანამდებობა მან 2013 წელს დატოვა.
ცნობისათვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი ბიძინა ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს. რაც შეეხება Forbes-ის რეიტინგს, აქ მისი ქონება უკვე რამდენიმე წელია არ შეცვლილა და ისევ 4.9 მლრდ დოლარს შეადგენს.
წყარო: bpn.ge