საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აქტიურად განაგრძობს განათლების ხელშეწყობას და ინოვაციურ, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერითა და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით, საქართველოში 16-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსი გაიმართა.
კონკურსის ფარგლებში, ჟიურიმ 30 ნახევარფინალისტიდან 11 ფინალისტი შეარჩია, მათგან კი სამი საპრიზო ადგილის მფლობელი გამოავლინა. ბაჩანა უგრეხელიძე ერთ-ერთია იმ წარმატებულ მონაწილეთა შორის, რომელმაც კონკურსში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და საპრიზო ადგილი მოიპოვა.
„ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველ კურსზე ვსწავლობ. მრავალი და განსხვავებული ინტერესი მაქვს - მიყვარს მუსიკა, პოეზია, ხატვა... თუმცა, ჩემი ძირითადი გატაცება მაინც ამ სფეროების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ხალხისთვის საინტერესო ფორმით მიწოდებაა. შესაბამისად, მინდა ლიტერატურის ლექტორი გამოვიდე. საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე“, - გვიყვება ბაჩანა.
იგი გვიხნის, რომ წერისგან განსხვავებით, საჯარო მეტყველება მას აუდიტორიასთან უფრო მეტად აკავშირებს, რადგან შესაძლებლობას აძლევს, ადამიანების რეაქციები და უკუკავშირი რეალურ დროში მიიღოს.
„წერა და საუბარი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული თვითგამოხატვის საშუალებებია - კონკურსის განმავლობაში შევძელი, სხვადასხვა ადამიანის წინაშე წარდგომა და მათთან კავშირის დამყარება. წერის დროს კი ვერ ვხედავ მკითხველის რეაქციებს, არ ვიცი მათი განცდები... საუბრისას იყენებ ჟესტებს, ემოციას, ინტონაციას, წერისას კი მხოლოდ კალამი გაქვს, რომლითაც გრძნობენ გადმოსცემ“, - აღნიშნავს ბაჩანა.
როგორც გვიხსნის, მისთვის ლექტორობა საჯარო მეტყველების უნარების ფლობას ისევე მოითხოვს, როგორც საგანში კომპეტენციას, რადგან ამ პროფესიის მოსწავლისთვის გასაგებად და საინტერესოდ გადაცემის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო საჯარო მეტყველების კონკურსში და საკუთარი შესაძლებლობები გამოეცადა.
„საჯარო მეტყველების კონკურსი ჩემთვის იყო საკუთარი უნარების დახვეწის, ახალი მეგობრების გაცნობისა და კომფორტის ზონიდან გამოსვლის შესაძლებლობა. მოლოდინი მქონდა, რომ ამ პროექტის ფარგლებში შევიძენდი ახალ ცოდნას და მივიღებდი ახალ, საინტერესო ინფორმაციას... მიხარია, რომ სწორედ ასეც მოხდა“, - აღნიშნავს ბაჩანა.
გვიყვება, რომ კონკურსისთვის მოსამზადებელი პერიოდი განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან უწევდა თემის მოფიქრებაზე, მის სტრუქტურირებასა და ეფექტურად გადმოცემაზე მუშაობა. როგორც განმარტავს, მისი სტრატეგია ასეთი იყო: ცდილობდა, ტექსტი შეედგინა ისე, რომ არა მხოლოდ მსმენელისთვის, არამედ თავად მისთვისაც ყოფილიყო საინტერესო და ორიგინალური.
„თუ შექმნი ისეთ ტექსტს, რომელიც არა მხოლოდ მსმენელის, არამედ შენს დაინტერესებასაც გამოიწვევს, მაშინ იცი, რომ სწორ გზაზე დგახარ. თუმცა, მნიშვნელოვანია რომ გამოსვლის დროს სრულად გამოავლინო შენი შესაძლებლობები, რაც დაგეხმარება მიიპყრო და შეინარჩუნო აუდიტორიის ყურადღება“, - ამბობს ის.
ამისათვის კი მკაცრ წესს იყენებს - ყოველთვის ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თემაზე და მის გაუმჯობესებაზე, და არასდროს ადარებს საკუთარ უნარებსა თუ ნამუშევრებს სხვებს. „ეს ჩემთვის ყველაზე არაჯანსაღი რამ არის, რადგან ნიშნავს, რომ შენს შესაძლებლობებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ. წარმატების მისაღწევად კი აუცილებელია, გჯეროდეს საკუთარი თავის“.
სწორედ ასეთი სტრატეგია გამოიყენა ჟიურის წინაშე გამოსვლის დროსაც.
„სიტყვით გამოსვლის დროს ვცდილობდი, მთლიანად კონცენტრირებული ვყოფილიყავი ჩემს თემაზე და მთელი გულით მინდოდა, ის ადამიანებისთვის გამეზიარებინა. შესაბამისად, ჩემთვის საინტერესო ინფორმაციას ჟიურის წევრებს, ბრიტანეთისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს ისეთივე ენთუზიაზმით ვუხსნიდი, როგორითაც ჩემს თანატოლებს ვესაუბრები ჩემს საყვარელ საკითხებზე“, - აღნიშნავს ბაჩანა.
ამბობს, რომ მისთვის კონკურსში მონაწილეობა ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და ახალი აღმოჩენებით სავსე გამოდგა. ამიტომ, ყველას ურჩევს, ერთხელ მაინც გამოსცადონ თავი საჯარო მეტყველების კონკურსში და უფრო მეტი გაიგონ საკუთარი თავისა თუ შესაძლებლობების შესახებ.
„ჩემი ცხოვრების ფილოსოფიაა, რომ მაქსიმალურად მეტი შევიმეცნო, გავიგო და ვისწავლო. ვნახო, რა შემიძლია როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად. სწორედ ამიტომ, ყველას ვურჩევ არ შეიზღუდონ საკუთარი თავი და აუცილებლად გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები“, - ამბობს ბაჩანა.
ინფორმაციისთვის, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. კავშირის მთავარი მიზანია, ინგლისური ენის მეშვეობით ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. ESU-Georgia საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ყოველ წელს გამარჯვებულს ლონდონში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის. ეს ყველაზე დიდი კონკურსია მსოფლიოში, რომელშიც მონაწილეობას ყოველწლიურად 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000 000 ახალგაზრდა იღებს.