საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის ცვლილებების კანონპროექტზე მუშაობს.
ქონების გადასახადის რეფორმირების საჭიროებაზე, კერძოდ, პირველ ეტაპზე, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შემცირების და 40 000-ლარიანი ზღვრის 60 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივით, 2023 წელს, მე-10 მოწვევის პარლამენტში დეპუტატი რომან გოცირიძე გამოვიდა, თუმცა მის ინიციატივას ‘’ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა. ,,ქართული ოცნება“ ე.წ ესტონურ მოდელზე განაგრძობს მუშაობას.
ქონების გადასახადის ესტონური მოდელის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ესტონეთის მთავრობა მხოლოდ მიწის ღირებულებას ბეგრავს და არა უშუალოდ ამ მიწაზე არსებული შენობების ან სხვა ინვესტიციების ღირებულებას.
BDO-ს საგადასახადო მენეჯერი, ვლადიმერ გიორგაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ არსებული მოდელი ცალსახად უსამართლოა და ცვლილებას საჭიროებს. ასევე, გადასახედია შემოსავლების საკითხიც, რომლის მიხედვითაც, თუ პირი შემოსავალს უცხოეთიდან იღებს და მისი შემოსავლები 40 000 აჭარბებს, მას ქონების გადასახადის გადახდა არ ეკისრება.
,,არსებული საგადასახადო სისტემა ცალსახად შესაცვლელია, ქონების გადასახადის შემოსავლებზე მიბმა, უსამართლოა. შეიძლება, ვიღაც, ვისაც ოფიციალური შემოსავალი არ უფიქსირდება, დიდ ქონებას ფლობდეს, თუმცა ქონების გადასახადს არ იხდიდეს და არც ჰქონდეს მოტივაცია, რომ მის საკუთრებაში არსებული ქონება ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართოს. ასევე, შემოსავლის რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული განაკვეთი, ისე გამოდის რომ, სხვადასხვა შემოსავლის მქონე პირი სხვადასხვა გადასახადს იხდის, რაც არასწორია. ქონების გადასახადი უნდა იყოს გადასახადი ქონებაზე და არა შემოსავალზე.
დღეს არსებული მექანიზმი ცალსახად უსამართლოა.
ასევე, თუ ვინმე ქონებას ფლობს საქართველოში და შემოსავლები უცხოეთში აქვთ, გამოდის რომ მათაც არ უწევთ გადასახადის გადახდა, მაშინ, როცა საქართველოში შემოსავლების მიმღებებს უწევთ, რაც ასევე არასწორია“,- აღნიშნა ვლადიმერ გიორგაძემ.