ამერიკის შეერთებული შტატების ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და ილონ მასკმა დროებითი კენჭისყრა ჩაშალეს, რომელიც გუშინ, 18 დეკემბერს უნდა გამართულიყო- ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hill ავრცელებს.
ახალი ადმინისტრაციის მტკიცებით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის მიერ შეთავაზებული კანონ-პროექტი „დემოკრატებზე“ ზედმეტად მორგებულია. ამასთან, მომავალი ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ პარლამენტმა დროებითი ბიუჯეტის დაფინანსებასთან ერთად, სახელმწიფო ვალის ზღვარიც ასწიოს.
სიტუაცია მწვავეა, რადგან თუ ახალი კანონი დაფინანსებაზე შაბათამდე არ იქნება მიღებული, აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობა შესაძლოა შეჩერდეს (ე.წ. შატდაუნი).
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, კენჭისყრის ჩაშლაში განსაკუთრებით დიდი წვლილი ილონ მასკმა შეიტანა. ამერიკელი მილიარდერი აქტიურად იყენებდა სოციალურ ქსელს X (ყოფილი Twitter), რათა რესპუბლიკელები კანონპროექტის წინააღმდეგ განეწყო და ამასთანავე ყალბ ინფორმაციებს ავრცელებდა.
მაგალითად, მასკი წერდა ან რეტვიტავდა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს კონგრესმენებისთვის ხელფასის 40%-ით ზრდას (რეალურად მაქსიმუმ 3.8%), ფედერალური ბიუჯეტიდან NFL-ის ახალი სტადიონის დაფინანსებას ვაშინგტონში (რეალურად საუბარი იყო მიწის ადგილობრივ ხელისუფლებაზე გადაცემაზე) და ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიების დაფინანსებას (რეალურად ეს ეხებოდა ბიომედიცინის საფრთხეების კვლევის ლაბორატორიებს).
მასკის როლს კამპანიაში, რომელიც ორ პარტიას შორის შეთანხმებული კანონპროექტის კენჭისყრის ჩაშლით დასრულდა, ცნობილი დემოკრატი სენატორი ბერნი სანდერსიც გამოეხმაურა
,,დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა თვეები დახარჯეს ჩვენი მთავრობის დაფინანსების ორპარტიული შეთანხმების მოლაპარაკებებზე. ყველაზე მდიდარ ადამიანს დედამიწაზე, ილონ მასკს, ეს არ მოეწონა. მილიარდერებს არ უნდა მიეცეთ ჩვენი მთავრობის მართვის უფლება,",– დაწერა სანდერსმა სოციალურ ქსელ X-ში.
მასკი მის შეფასებას მალევე გამოეხმაურა: ,,ნებისმიერი პალატის ან სენატის წევრი, რომელიც ამ აღმაშფოთებელ კანონპროექტს დაუჭერს მხარს, იმსახურებს, რომ ორ წელიწადში მას ხმა აღარ მისცენ!" – დაწერა მასკმა ოთხშაბათს.
ე.წ ,,შატდაუნი" აშშ-ში მთავრობის კრიტიკული ფუნქციების შეჩერებას არ იწვევს, თუმცა მას აქვს უარყოფითი შედეგები, როგორიცაა პროდუქტიულობის დაკარგვა და ეკონომიკური ზიანი. კონგრესის ბიუჯეტის ოფისის შეფასებით, 2018-2019 წლებში 5-კვირიანმა ,,შატდაუნმა" ეკონომიკას დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ზიანი მოუტანა.