გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა წარადგინა - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„როგორც სხდომაზე აღინიშნა, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად აგრძელებს მუშაობას დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით. ამჟამად სამუშაოები ექვს რეგიონში მიმდინარეობს. შედეგად, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი დაახლოებით 220 000 ჰა-ით გაიზრდება და დაახლოებით 1 150 000 ჰა-ს მიაღწევს, რაც საქართველოს ტერიტორიის 16.4%-ია.
სხდომაზე ყურადღება დაეთმო ბუნების დაცვის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს; აღინიშნა ტყის აღდგენის, მავნებლებთან ბრძოლისა და ტყის ინვენტარიზაციის პროცესის მნიშვნელობა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობაში პრიორიტეტული ადგილი უკავია ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას; ასევე, SMART პატრულირებისა და მონიტორინგის სისტემის ეფექტიანი მუშაობას, რაც რეინჯერების ოპერატიულ და შედეგიან საქმიანობას უზრუნველყოფს.
კომიტეტის სხდომაზე განხილული იყო ეკოტურიზმის განვითარებისა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის საკითხებიც. 2025 წელს ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის დინამიკა ფიქსირდება – ცხრა თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია.
სხდომაზე საუბარი შეეხო დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლობას საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან. აღნიშნულ ეტაპზე მიმდინარეობს დაახლოებით 30 საგრანტო პროექტი და ინიციატივა, მათ შორის, საკონსერვაციო ღონისძიებების განხორციელებისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.