ამერიკულმა საინვესტიციო გიგანტმა BlackRock, Inc.-მა TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) აქციების 5.02% შეიძინა, ნაწილი პირდაპირი ფორმით, ხოლო ნაწილი ფინანსური ინსტრუმენტების სახით. 

კერძოდ, 4.02% პირდაპირი ფორმით, ხოლო დამატებით 1% ფლობა ფინანსური ინსტრუმენტებით მოიპოვა — მათ შორის განსხვავების კონტრაქტებით (CFDs) და აქციების სესხების მექანიზმით. 
შედეგად, BlackRock-ის მიერ ფლობა საერთო ხმის უფლების მქონე აქციებში განისაზღვრა 5.02%-ით, რაც 2,827,737 აქციას უტოლდება.

განსხვავების კონტრაქტი (CFD) არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ინვესტორს  საშუალებას აძლევს მიიღოს სარგებელი აქტივის ფასის ცვალებადობიდან — ფაქტობრივი ფლობა აქციის გარეშე. ინვესტორი დებს კონტრაქტს, რომ დაფარავს ფასთა სხვაობას ღირებულების ცვლილების საფუძველზე.

მაგალითად, თუ BlackRock-მა იყიდა TBC PLC-ის აქციებზე CFD (განსხვავების კონტრაქტი) იმ იმედით, რომ მათი ფასი გაიზრდება და თუ ფასი მართლაც გაიზარდა, BlackRock მიიღებს მოგებას ფასთა სხვაობიდან — თუმცა არ გახდება უშუალო აქციის მფლობელი და არ აქვს დივიდენდის მიღების უფლება. ამის მიუხედავად, CFD-ს მეშვეობით მას შესაძლოა ჰქონდეს ხმის უფლების დროებითი გამოყენების უფლება, რაც დაეხმარება მისი პოზიციის გაძლიერებაში TBC-ში. იგივე პრინციპი იმავე პირობითაც მოქმედებს, თუ ფასი დაიკლებს.

რაც შეეხება აქციების სესხების მექანიზმს, ეს ნიშნავს, რომ ინვესტორი დროებით იღებს აქციებს სხვა მფლობელისგან (ხშირად გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ), რაც აძლევს მას დროებით ხმის უფლებას, მაგრამ ფლობის სამართლებრივი უფლება კვლავ გამსესხებელს ეკუთვნის.

აქციების სესხების (Securities Lending) მექანიზმით BlackRock-მა დროებით "გირავნობით" აიღო აქციები სხვა მფლობელებისგან, რომლებიც ამ აქციებს არ იყენებენ აქტიურად. ეს მექანიზმი საშუალებას აძლევს BlackRock-ს ჰქონდეს ხმის უფლება და ისარგებლოს სხვა აქციების მფლობელის პოზიციებით, თუმცა აქციების სამართლებრივი მფლობელობა დარჩება გამსესხებელზე.

როგორც წესი, ამ მექანიზმს რამდენიმე მიზნით იყენებენ ხოლმე. კერძოდ, როცა ინვესტორს ან აქციონერს სურს გავლენა მოახდინოს კომპანიის გადაწყვეტილებებზე, მაგალითად, გენერალურ კრებაზე. ასევე, ეს ინსტრუმენტი ხელს უწყობს სხვადასხვა სტრატეგიების განხორციელებას, მაგალითად, მოკლევადიან პოზიციებს ან ჰეჯირებას. ფიზიკური აქციების ყიდვა გაცილებით დიდი ხარჯია (მრავალჯერადი საფასური, ტრანზაქციის სირთულე), ამით კი მსესხებელი გრძელვადიან ან მოკლევადიან სტრატეგიებს უკეთ მართავს.

საბოლოო ჯამში, ორივე მექანიზმი BlackRock-ს შესაძლებლობას აძლევს გააფართოოს თავისი გავლენა TBC PLC-ში მთლიანი საკუთრების გარეშე.

ცნობისთვის, BlackRock არის მსოფლიოში უმსხვილესი აქტივების მმართველი კომპანია, რომლის მეშვეობითაც ტრილიონობით დოლარის ღირებულების კაპიტალი იბრუნება გლობალურ ბაზრებზე. კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ინსტიტუციური ინვესტორი, ასევე მსხვილი კორპორაციების პარტნიორი.

ტრანზაქცია 2025 წლის 12 მაისს, ლონდონში დაიხურა. 

Gbc.ge