2023 წლის აპრილში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 13.2%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 0.6 პპ-ით შემცირდა. აპრილში, ლარით დაკრედიტება წლიურად 15.8%-ით, 24.8 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 7.9 პპ-იანი წვლილი შეიტანა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 10.6%-მდე შენელდა და მთლიანი სესხების ზრდაში 5.3 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტემპის შემცირება ძირითადად ბიზნეს სესხების შემცირებით არის განპირობებული, რომლის წვლილი მთლიანი სესხების ზრდაში, წინა თვესთან შედარებით, 0.6 პპ-ით შემცირდა, იპოთეკური სესხების წვლილი კი 0.1 პპ-ით შემცირდა. სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი მცირედით შემცირდა და მთლიან სესხებში 3.5%-იანი წვლილი შეიტანა.
„მიმდინარე წლის აპრილში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები წინა თვესთან შედარებით 0.9 პპ-ით გაიზარდა და 14.1% შეადგინა. ეროვნული ვალუტით სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით 14.0%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 2.0 პპ-ით 11.0%-მდე გაიზარდა“, - აღნიშნავენ სებ-ში.