სადაზღვევო სექტორმა 2022 წელი 39,2 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. 18 სადაზღვევო კომპანიის ანგარიშებიდან ირკვევა, რომ 2022 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 909,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 17.7%-იანი ზრდა არის.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ დამფუძნებელი არჩილ მორჩილაძე გასული წლის მონაცემებს აფასებს და ამბობს, რომ ტრადიციულად ისეთი სადაზღვევოები არიან მოგებაზე, რომლებიც ბანკებთან აფილირებული კომპანიებია.

„სადაზღვევო სექტორი მთლიანობაში მოგებაზეა, მაგრამ ნახავდით რა დისბალანსია ამ კუთხით და როგორაა გადანაწილებული. მაგალითად 40 მილიონი ორ კომპანიაზე მოდის დანარჩენის მოგება ჯამში არის მინუს 2 მილიონი. ტრადიციულად ახლაც ისეთი კომპანიები არიან მოგებაზე რომლებსაც დიდ ფინანსურ რესურსებზე აქვთ წვდომა ანუ რომლებიც აფილირებული არიან საბანკო სექტორთან. მათ მომხმარებელთან კომუნიკაციის იოლი გზები აქვთ.

სექტორის მოგების გენერირება ისეთი პროდუქტების ხარჯზე ხდება, რაც მარტივად მისაწვდომია ბანკებისთვის და უფრო რთული მოსაპოვებელია სხვა სადაზღვევოებისთვის, რომლებიც არ არიან ბანკებთან აფილირებული. მომხმარებელთა კუთხით ბანკებთან აფილირებული სადაზღვევოებისთვის უფრო მარტივია მაგალითად სიცოცხლის დაზღვევის შეთავაზება, რადგან ის საჭიროა სესხის აღების დროს. წლიდან წლამდე იზრდება ამ დაზღვევის სტატისტიკა, მაგრამ 91-92% არის იმ ბანკთან აფილირებულ სადაზღვევოში დაზღვეული სადაც აქვს ანგარიშები“, — ამბობს არჩილ მორჩილაძე.

მისი თქმით, სექტორის გაჯანსაღებისთვის და დაზღვევის პოპულარიზაციისთვის, საჭიროა მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს რას ყიდულობს და რისი ანაზღაურება შედის სადაზღვევო პაკეტში.

„დაზღვევის პოპულარიზაციისთვის საჭიროა მომხმარებლის კმაყოფილება იზრდებოდეს, ეს მოხდება მაშინ როდესაც ზუსტად ეცოდინება მას რას ყიდულობს. როდესაც ერთი ხელის მოწერით შეუძლია მომხმარებელს იყიდოს რამდენიმე პროდუქტი, მათ შორის დაზღვევა და იპოთეკური სესხი, რთულია ყველაფერს დეტალურად გაეცნოს, ამიტომ საბოლოოდ მომხმარებელი ზარალდება, როდესაც შემდეგ ჩნდება არასასიამოვნო სიურპრიზები იმასთან დაკავშირებით თუ რომელი ზარალის ანაზღაურება ხდება და რომლის არა“, - ამბობს არჩილ მორჩილაძე.

2022 წლის ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება ასეთია:

1. თიბისი დაზღვევა - 15.7 მლნ ლარი, 
2. ალდაგი - 15.3 მლნ ლარი, 
3. იმედი ელ - 3.8 მლნ ლარი, 
4. ჯი პი აი ჰოლდინგი - 3.6 მლნ ლარი,
5. ბბ დაზღვევა - 2.4 მლნ ლარი, 
6. ტაო - 2.4 მლნ ლარი, 
7. დაზღვევის კომპანია ქართუ - 1.3 მლნ ლარი, 
8. უნისონი - 1.2 მლნ ლარი, 
9. საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი - 1.1 მლნ ლარი, 
10. დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო - 0.7 მლნ ლარი, 
11. არდი დაზღვევა - 0.2 მლნ ლარი,
12. გლობალ ბენეფიტს ჯორჯია - 0.0 მლნ ლარი, 
13. გრინ დაზღვევა საქართველო - -0.2 მლნ ლარი, 
14. ალფა - -0.5 მლნ ლარი, 
15. ევროინს ჯორჯია - -1.7 მლნ ლარი, 
16. ნიუ ვიჟენ დაზღვევა - -1.8 მლნ ლარი, 
17. პსპ დაზღვევა - -1.9 მლნ ლარი, 
18. პრაიმი - -2.4 მლნ ლარი.