ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით, კერძო კომპანიაში დასაქმებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ შეხვედრაზე, პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
„საუბარი შეეხო ტრეფიკინგის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის, გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით გატარებული რეფორმებს, ასევე გამოძიებისა და ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკულ ასპექტებს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. კერძო კომპანიაში დასაქმებულმა პირებმა პროკურატურის და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებისგან, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
ტრეფიკინგის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრევენციული ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
საქართველოს პროკურატურა ტრეფიკინგის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მრავალი წელია ფუნქციონირებს შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის უწყებათაშორისი მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.