2025 წლის თებერვალში, 2024 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოს სავალუტო რეზერვები 27%-ით, მთლიანი რეზერვების მოცულობა კი 10.8%-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 4.746 მლრდ დოლარს შეადგენდა, წელს თებერვალში კი 4.234 მლრდ-ს. 2025 წლის იანვარში რეზერვების მოცულობა 4.435 მლრდ დოლარს აჭარბებდა.
გამოდის, რომ 2025 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი რეზერვები 512.3 მლნ დოლარით, სავალუტო რეზერვები კი 1.166 მლრდ დოლარითაა შემცირებული.
სებ-ის სტატისტიკით 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით სავალუტო რეზერვები 3.129 მლრდ დოლარს უტოლდება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 1.166 მლრდ დოლარით ნაკლებია, 2025 წლის იანვართან შედარებით კი 206.9 მლნ დოლარით ნაკლები.
2025 წლის თებერვლის სტატისტიკით, სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი – 2.496 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი 633 მლნ დოლარს ინახავს.
2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, სებ-ის ოქროს რეზერვი 650.5 მლნ დოლარს შეადგენს.