ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი დირექტორების მიმართ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციები გაამკაცრა. ბანკის პრეზიდენტის სხვა ბრძანებებით სანქციები გამკაცრდა ასევე სესხის გამცემი სუბიექტების, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემთხვევაში ეროვნულ ბანკს [სებ] ამ დრომდე უფლება ჰქონდა დარღვევების დროს პუნქტი დაეჯარიმებინა. ახალი ბრძანებით კი, ერთხელ უკვე დაჯარიმებულ პუნქტს, დარღვევის განმეორების შეთხვევაში, ბანკმა შესაძლოა: რეგისტრაცია გაუუქმოს; დირექტორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება, მოითხოვოს მისი თანამდებობიდან განთავისუფლება; პუნქტს აუკრძალოს მოგების განაწილება, ხელფასის გაზრდა, პრემიების გაცემა და სხვა.

სებს ზოგადად უფლება აქვს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ გამოიყენოს სხვადასხვა სანქცია, თუ ეს პუნქტები ან მისი ფილიალები არღვევენ კანონმდებლობით, მათ შორის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სხვადასხვა უფლებამოსილი უწყების მითითებებს.

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით 2020 წლის თებერვალში დამტკიცდა. მომდევნო წელს, აღნიშნული წესი, რომელიც მხოლოდ დაჯარიმებას ითვალისწინებს, გავრცელდა უშუალოდ დირექტორებზეც.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის პირველი მაისის ბრძანებით, აღნიშნულ წესში შევიდა ცვლილება და მას დაჯარიმების გარდა დაემატა სხვა სანქციების გამოყენების წესი.

ახალი ცვლილების მიხედვით:

„ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, იმავე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ან/და მისი დირექტორის/დირექტორების მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ვალუტის გადამცვლელ პუნქტს გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია [მითითება] მოთხოვნით, რომ ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები;

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის  დირექტორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება;

ვალუტის გადამცვლელ პუნქტს აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა;

ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები;

ვალუტის გადამცვლელ პუნქტს გაუუქმოს რეგისტრაცია“.

ამავე ცვლილებით „დარღვევისა და არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე“, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ან/და მისი დირექტორის/დირექტორების მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების ნაცვლად გამოიყენოს ზემოთ აღნიშნული სანქციები.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ეს ახალი ბრძანება 2025 წლის 2 მაისიდან ამოქმედდა.

წყარო: "ბათუმელები"