საქართველოში სტაბილური ლარის კურსი და მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოში კეთილსაიმედო მდგომარეობაა როგორც ეკონომიკური პოლიტიკის, ისე ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით.

"სკეპტიციზმის საფუძველი არ გააჩნია, რადგან წლიდან წლამდე ჩვენ ვხედავთ მაღალ, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. აჟიოტაჟური ფაქტორები, რომლებიც, რა თქმა უნდა, მოქმედებს ეკონომიკაზე, არ არის იმ სიმძლავრის, რომ საქართველოს ეკონომიკა დააზიანოს. საქართველოს ეკონომიკა მრავალ ფაქტორზეა დამყარებული, რომელიც შეუძლებელია აჟიოტაჟური ფაქტორებით დაზარალდეს. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის და ეს ფაქტორი მიუთითებს იმას, რომ საქართველოში კეთილსაიმედო მდგომარეობაა როგორ ეკონომიკური პოლიტიკის, ისე ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით. სხვაგვარად ეს ასე არ მოხდებოდა და პროგნოზების შემცირება გვექნებოდა. 

რაც შეეხება ლარის კურსს - მისი მერყეობა აჟიოტაჟური ფაქტორებით იყო გამოწვეული. ფინანსური სტაბილურობა ძლიერია და ვხედავთ ჩვენ, რომ ლარის სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს და ასეც გაგრძელდება. შესაბამისად, საქართველოში იქნება ფინანსური სტაბილურობა, ლარის კურსი იქნება სტაბილური და ეკონომიკური ზრდა იქნება მაღალი.

გასული 4-5 წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები ძალიან მძაფრად მოქმედებდა ეკონომიკაზე, თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა. საქართველოს ეკონომიკა მრავალკომპონენტიანია და მყარ საფუძვლებზეა დაფუძნებული, შეუძლებელია ამ ფაქტორმა ეკონომიკური წინსვლის შეჩერება მოახდინოს", - აცხადებს მიხეილ დუნდუა. 

bp.ge