საქართველოში გზების მოვლა-შენახვის სისტემის გაძლიერებისთვის ახალი სტრატეგია შემუშავდება, რისთვისაც გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვისთვის აზიის განვითარების ბანკის დაფინანსების ნაწილი იქნება გამოყენებული. ADB-იმ საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის გაუმჯობესებას აფინანსებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შერჩეულმა საკონსულტაციო ჯგუფმა პირველ ეტაპზე საავტომობილო გზების მონიტორინგი უნდა განახორციელოს, რის შემდეგაც უნდა შეიმუშაოს მოვლა-შენახვის სტრატეგია, სახელმძღვანელო პრინციპები და ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რაც უზრუნველყოფს მდგრადი და ხარჯთეფექტური საგზაო აქტივების მართვას და დააკმაყოფილებს გზებით მოსარგებლეთა საჭიროებებს. საკონსულტაციო ჯგუფს დოკუმენტების მოსამზადებლად 12 თვე ექნება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 882 750 დოლარს შეადგენს.