საქართველოს ბანკი ქართულ YouTube სივრცეში კონტენტ კრეატორების მხარდასაჭერად პირველ პროექტს იწყებს. “კრეატორი“, - ასე ჰქვია რეალით შოუს, რომლის მთავარი მიზანიც დამწყები კრეატორების გაძლიერებაა.
თუ შენი გეგმები და კარიერა YouTube-ს უკავშირდება, გაეცანი ბლოგს და არ გაუშვა შესაძლებლობა, გახდე პროექტის გამარჯვებული და მოიგო საქართველოს ბანკის მთავარი პრიზი - 20 000 ლარი.
როგორ გაჩნდა იდეა
საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, ხელი შეუწყოს ადამიანებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამიტომ, პროექტი ორ მთავარ მიზანს ემსახურება: ერთი მხრივ, მხარი დაუჭიროს დამწყებ კრეატორებს და წაახალისოს ისინი, მეორე მხრივ კი, ხელი შეუწყოს ქართული Youtube ეკოსისტემის გაძლიერებასა და ახალი მაყურებლების მოზიდვას.
როგორც გუნდში ამბობენ, რეალითი შოუს გზით, ახალი სახეების აღმოჩენასთან ერთად, ქართული Youtube-ისთვის ინოვაციური, თავისუფალი და კრეატიული გარემოს შექმნა სურთ.
“საქართველოში ციფრული კრეატორობის კულტურა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. გვჯერა, რომ ბევრ ნიჭიერ ადამიანს აქვს პოტენციალი, თუმცა ხშირად მათ წინაშე დგას ბარიერები - ტექნიკური რესურსების, მენტორისა და გამოცდილების ნაკლებობა. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეს ბარიერები შემცირდეს და ახალმა კრეატორებმა რეალური შანსი მიიღონ. ჩვენი პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მათ ვაძლევთ ცოდნას, იმისათვის რომ თავდაჯერებულად დაიწყონ და მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ ქართული Youtube სივრცის განვითარებაში,“ - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.
გზა გამარჯვებამდე
პირველ ეტაპზე შოუსთვის 20 მონაწილე შეირჩევა, რომელთაგან პრიზისათვის ბრძოლას 8 საუკეთესო მონაწილე გააგრძელებს. ისინი 7 ტურის განმავლობაში მენტორებისგან მიიღებენ საკონკურსო დავალებებს, რომელთა შესასრულებლადაც კონკრეტული დრო ექნებათ. რეალითი შოუს წესების თანახმად, ყოველი ახალი ეპიზოდის ბოლოს, პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს. დარჩენილები კი უფრო დიდი მოტივაციითა და შემართებით გააგრძელებენ რთული დავალებების შესრულებასა და მთავარი პრიზისთვის, 20 000 ლარისთვის ბრძოლას. რაც ყველაზე მთავარია, მაყურებელი შეძლებს დააკვირდეს მონაწილეების სამუშაო პროცესს, გაიცნოს, შეიყვაროს და მხარი დაუჭიროს მათ რჩეულს.
საკონკურსო ვიდეოები დაიდება როგორც საქართველოს ბანკის, ასევე მონაწილეების არხზეც.
რაც შეეხება შეფასების სისტემას, მონაწილეები თავდაპირველ ეტაპზე შეფასდებიან ჟიურის ქულების მიხედვით, ხოლო შემდეგ, ვიდეოების ნახვებისა და მაყურებელთა რეაქციების საფუძველზე, რაც პროექტს კიდევ უფრო განსაკუთრებულსა და ინტერაქციულს ხდის.
ვინ არიან მენტორები
ბუნებრივია, ბლოგის მკითხველს ისიც დააინტერესებს, თუ ვინ იქნებიან “კრეატორის” ჟიურის წევრები. მთელი პროექტის განმავლობაში დამწყებ იუთუბერებს შეაფასებენ და ახალ დავალებებს მისცემენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები, დათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი), ნიკა კაკოიშვილი (კაკო). მიუხედავად მათი უშუალო, მეგობრული და იუმორით სავსე იმიჯისა, ჟიურის როლში გარკვეულ ტრანსფორმაციას მათგანაც უნდა ველოდოთ. კერძოდ, შეფასებისას მოუწევთ იყვნენ ობიექტურები, მკაცრები და რაც მთავარია, კრიტიკულები.
აქვე გეტყვით, რომ მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ეყოლება მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც თავის გამოცდილების, განვლილი გზისა და გამოწვევების საფუძველზე მისცემს რჩევებს, მონაწილეებს რომლებიც youtube სამყაროში ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს.
შესარჩევი ეტაპი და საკონკურსო პირობები
მონაწილეობის მიღებისთვის საჭიროა გქონდეთ მოტივაცია და მზადყოფნა მუდმივი განვითარებისა და სწავლისთვის.
როგორც მარიამ ცანავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, გამომწერების რაოდენობა არ არის მთავარი კრიტერიუმი. “ხშირად ყველაზე ინოვაციური და საინტერესო კონტენტი სწორედ ახალბედა კრეატორებისგან მოდის. ამიტომ პროექტი პლატფორმას აძლევს იმ ადამიანებს, რომლებსაც YouTube არხზე 5,000-ზე ნაკლები გამომწერი ჰყავთ, მაგრამ აქვთ დიდი მიზნები და ამბიციები“.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთონ საკუთარი ვიდეოს ბმული (YouTube-ზე unlisted სახით) creator.bog.ge-ზე. შერჩეულ მონაწილეები კი უნდა დაელოდონ უკუკავშირს.
საქართველოს ბანკის ეს ექსპერიმენტული წამოწყება ყველაფერთან ერთად, სხვა ბიზნესებს ახალისებს, ჩადონ ინვესტიცია ქართული Youtube-ის განვითარებაში.
უფრო მეტისთვის, ნახეთ ვიდეო.