საოჯახო მეღვინეობა „ჭონას მარნის“ დამფუძნებელი, მიხეილ ჭონაშვილი აცხადებს, რომ გლობალურ ბაზრებზე ღვინის გაყიდვების ტენდენცია შენელებულია, რაც, მისი შეფასებით, პოლიტიკურ არასტაბილურობასა და შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება. ამის შესახებ მეღვინე BM.GE-სთან საუბარში აღნიშნავს.

მისივე ინფორმაციით, „ჭონას მარანი“ ამჟამად წარმოდგენილია დაახლოებით 10 საექსპორტო ბაზარზე, ძირითადად ევროპასა და აშშ-ში, ამასთან, მცირე მოცულობით - სინგაპურში. მიმდინარე წელს კომპანიამ პორტუგალიის ბაზარი დაიმატა და ამჟამად, მოლაპარაკებები ესპანეთსა და ესტონეთთან მიმდინარეობს.

„ზოგადად, მთელ ევროპაში და შტატებში არ არის გაყიდვების კუთხით კარგი ვითარება, რაც პოლიტიკური მოვლენებითაა განპირობებული. ღვინის ექსპორტი გაყიდვების კუთხით ჭირს. მართალია განვითარების პროცესი შეფერხებულია, თუმცა ვინარჩუნებთ სტაბილურობას და კვლავ ვაგზავნით პროდუქციას ექსპორტზე“, - განმარტა ჭონაშვილმა და დასძინა, რომ ევროპაში შემცირებულია მომხმარებლის მიერ ღვინოზე დახარჯული თანხაც.

მისი თქმით, ევროპის ბაზარზე "ჭონას მარნის" ღვინის ფასი 23–25 ევროს ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ჭონაშვილის განმარტებით, გლობალურ ბაზრებთან შედარებით, ადგილობრივი ბაზარი უკეთეს მდგომარეობაშია, რაც საფუძველს იძლევა, რომ მეღვინეობა ადგილობრივ ბაზარზე განვითარდეს და სხვადასხვა ღვინის რესტორნებში შევიდეს.

ცნობისთვის, მარნის ვენახები კურდღელაურში, წინანდლის ზონაში და მუკუზნის ზონაშია გაშენებული. მეღვინეობაში 6 სახის ღვინო იწარმოება. კერძოდ რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი, საფერავი და ამ ჯიშების სეპაჟები (როდესაც რამდენიმე ჯიშის ყურძენს ერთმანეთში ურევენ).

Bm.ge