მიმდინარე წლის აგვისტოდან საპენსიო სქემის მონაწილეებს შეეძლებათ თვითონ აირჩიონ რა ტიპის რისკიანობის პორტფელში უნდათ თავიანთი თანხების განთავსება. ასევე სააგენტოს ექნება დაბალ რისკიანი, საშუალო რისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელები, რომლებიც განსხვავდება, ერთი მხრივ, რისკიანობის მხრივ და, მეორე მხრივ, პოტენციური ამონაგებით (ან დანაკარგით) და ყველას ექნება არჩევანის უფლება.
რამდენად სწორი და დროულია „სხვადასხვა რისკიანობის პორტფელების“ არჩევანის შეთავაზება საპენსიო სქემის მონაწილეთათვის, რა რისკებს შეიცავს ეს მიდგომა და მზად არის თუ არა საპენსიო სააგენტო ამისთვის. ამ თემაზე „კომერსანტთან“ საპენსიო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ფინანსისტმა ლევან სურგულაძემ ისაუბრა.
„საპენსიო ფონდის თანხების საშუალებით სხვადასხვა რისკის პროფილის და სხვადასხვა მოსალოდნელი ამონაგების (ან დანაკარგის) მქონე პორტფელების შეთავაზება საპენსიო სქემის მონაწილეთათვის არის საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა, რომლითაც მონაწილეს ეძლევა საშუალება მისი საკუთარი რისკის აპეტიტის და რისკის ამტანუნარიანობის შესაბამისად შეარჩიოს მისთვის სასურველი რისკის პროფილის მქონე პორტფელი ან/და ასეთი პორტფელების კომბინაცია.
თუმცა საპენსიო სააგენტო მზად არ არის ამ დონის რისკიანობის პორტფელები შესთავაზოს მოსახლეობას, რადგანაც არ არსებობს რისკების საზომი, სამწუხაროდ. ამ ეტაპზე, სრულიად გაუგებარია რას უწოდებს საპენსიო სააგენტო „დაბალრისკიან“ ან „საშუალორისკიან“ ან „მაღალრისკიან“ პორტფელებს, როგორ და რა ერთეულებში ზომავს რისკს როგორც თითოეული საინვესტიციო ინსტრუმენტისთვის, ისე კონკრეტული პორტფელისთვის და როგორ ადგენს კონკრეტული პორტფელის რისკის პროფილს.
რომ გვეუბნებით მაღალ რისკიანი, დაბალრისკიანი - ვერ გვეუბნებით რა ერთეულებში იზომება რისკი (კილოგრამებში? მეტრებში?...) და რამდენია მაღალი რისკი და დაბალი რისკი“, - აღნიშნავს ლევან სურგულაძე.
ფინანსისტის აზრით, იმისათვის, რომ საპენსიო სააგენტომ რეალურად შეძლოს საპენსიო სქემის მონაწილეთათვის სხვადასხვა რისკის პროფილის პორტფელების შეთავაზება, ამისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.
„პირველ რიგში უნდა შეიმუშაოს და დანერგოს რისკის რაოდენობრივი გაზომვის მეთოდოლოგიები ყველა იმ ინსტრუმენტისთვის, რომლებშიც აპირებს ინვესტირებას. ასევე, უნდა შემუშავდეს და დაინერგოს ოპერაციული რისკების რაოდენობრივი გაზომვის მეთოდოლოგია და ის მეთოდოლოგია, რომლის საშუალებითაც მოხდება აღებული საინვესტიციო რისკების და ოპერაციული რისკების აგრეგირება კონკრეტული პორტფელის ფარგლებში და ამ პორტფელის რისკის პროფილის კონკრეტულ რიცხვებში წარმოდგენა.
ყველა აღნიშნული მეთოდოლოგიები უნდა შეესაბამებოდეს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს და პრაქტიკას და უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.
იმისათვის, რომ საპენსიო სააგენტომ საერთოდ დაიწყოს საინვესტიციო საქმიანობა, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებელი წინაპირობა, მას უნდა ჰქონდეს: დამოუკიდებელი რისკის კონტროლის სტრუქტურა, დანერგილი შესაბამისი პროცესები, პროცედურები და რისკის გამოთვლის მეთოდოლოგიები, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის შესაბამისად.
გარდა ამისა, საპენსიო სააგენტოს რისკის კონტროლის სტრუქტურა დაქვემდებარებულია იმ სტრუქტურასთან, რომელიც თავად უნდა გააკონტროლოს, ანუ ახორციელებს „თვითკონტროლს“, რაც მიუღებელი და აბსურდულია - როგორ შეიძლება შენი თავი შენ თვითონ გააკონტროლო“, - ამბობს ლევან სურგულაძე.
რაც შეეხება საპენსიო სააგენტოს მიერ პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას, ლევან სურგულაძე ამბობს, რომ ეს კანონით აკრძალულია, რადგან გაუმჭვირვალე პროცესია და ეს „პირდაპირი რეცეპტია კატასტროფისკენ“.