ამაზონიდან ციმბირამდე, 2024 წელს დედამიწის ტყეების განადგურებამ რეკორდულ ტემპს მიაღწია, რაც გლობალური დათბობით გამოწვეული გახშირებული ტყის ხანძრებით იყო გამოწვეული - ამის შესახებ მერილენდის უნივერსიტეტის ანალიზშია საუბარი.
კვლევის თანახმად, ტროპიკულ რეგიონებში, სადაც ყველაზე მრავალფეროვან ტყეებს ვხვდებით, ტყის საფარის შემცირების ნომერ პირველი მიზეზი, მონაცემების შეგროვების დაწყებიდან პირველად, ხანძარი გახდა. იმ ტერიტორიებზეც კი, რომლებისთვისაც ხანძრის სეზონი ბუნებრივი ეკოსისტემის ნაწილი არ არის, მაგალითად, კანადასა და ციმბირში, 2024 წლის ხანძრები რეკორდულად დამაზიანებელი იყო.
გასულ წელს ბრაზილიაში ტყის დანაკარგებმა ულტრამემარჯვენე პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს პერიოდში დაფიქსირებულ ყველა რეკორდს გადააჭარბა, რაც ამაზონის რეგიონის მწვავე გვალვით იყო განპირობებული. ტროპიკულ რეგიონებში ტყის დანაკარგის 42% სწორედ ამაზონზე მოდის, რაც 25 ათასი კვადრატული კილომეტრის ეკვივალენტია.
მეორე ადგილზე ბოლივიაა, სადაც დეფორესტიზაცია გვალვამ, ცეცხლმა და სამთავრობო პოლიტიკამ გამოიწვია. გასულ წელს ბოლივიას ტყის საფარი 14 ათასი კვადრატული კილომეტრით შემცირდა, რაც 2020 წელთან შედარებით 5-ჯერ მეტია. კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც ტყის საფარის განადგურებამ რეკორდულ ტემპს მიაღწია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.
2021 წელს გლაზგოში გამართულ COP26-ის სამიტზე 140 ქვეყნის ლიდერი დეფორესტიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე შეთანხმდა. 2030 წლამდე მიზნის მისაღწევად დეფორესტიზაცია წელიწადში სულ მცირე 20%-ით უნდა შემცირდეს. თუმცა იმ 20 ქვეყნიდან, სადაც ხელუხლებელი ტყის ყველაზე დიდი ფართობი გვხვდება, 17-ში გაუტყეურების იმაზე სწრაფი ტემპი ფიქსირდება, ვიდრე ეს 2021 წელს, გლაზგოს შეთანხმებამდე ხელმოწერამდე იყო.