საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითმა საბჭომ რისკების მართვის ახალი ჩარჩო დაამტკიცა. დადგენილება, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარემ მოაწერა ხელი, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
ახალი დოკუმენტი განსაზღვრავს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული საინვესტიციო და არასაინვესტიციო რისკების მართვის, მონიტორინგისა და ანგარიშგების წესებს.
დოკუმენტის მიხედვით, რისკების მართვა „დაცვის სამი ხაზის“ მოდელით განხორციელდება. პირველ ხაზს ფონდის სტრუქტურული ერთეულები წარმოადგენენ, რომლებიც ყოველდღიურად აკონტროლებენ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს. მეორე ხაზის ფუნქციას მთავარი რისკის ოფიცრის დაქვემდებარებაში არსებული რისკის მართვის სამსახური შეასრულებს, მესამე ხაზს კი შიდა აუდიტის დეპარტამენტი წარმოადგენს, რომელიც შიდა კონტროლის სისტემების ეფექტიანობას შეამოწმებს.
ამასთან, საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირებასა და ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი განახორციელებს.
რისკების მართვის ჩარჩო არასაინვესტიციო რისკების გარკვეული კატეგორიებისთვის ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპსაც ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევებს მიეკუთვნება თაღლითობა, კორუფცია, ფულის გათეთრება, განზრახ არაკეთილსინდისიერი ქმედებები, არსებითი მარეგულირებელი დარღვევები და საპენსიო სქემის მონაწილეთა პერსონალური მონაცემების გაჟონვა.
დოკუმენტი რისკებს ორ ძირითად ჯგუფად ყოფს. საინვესტიციო რისკებში შედის საბაზრო, საკრედიტო, სავალუტო, ლიკვიდობის, კონცენტრაციისა და აქტივების ღირებულების შეფასებასთან დაკავშირებული საფრთხეები. ამ რისკების შესაფასებლად რეგულარულად ჩატარდება სტრეს-ტესტები და სცენარული ანალიზი, რაც შესაძლო ეკონომიკური შოკების გავლენას საინვესტიციო პორტფელზე გამოავლენს.
არასაინვესტიციო რისკები კი მოიცავს სტრატეგიულ, საოპერაციო, კიბერუსაფრთხოების, სამართლებრივ და რეპუტაციულ საფრთხეებს.
დადგენილებით ასევე განისაზღვრა მთავარი რისკის ოფიცრისა და რისკის მართვის სამსახურის უფლებამოსილებები და ანგარიშგების ვალდებულებები. კერძოდ, მათ ეროვნული ბანკისა და მმართველობითი საბჭოსთვის ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშების წარდგენა მოუწევთ.