საქართველოს მოქალაქეს საპენსიო დანაზოგის სხვადასხვა პორტფელში ინვესტირებაზე გადაწყვეტილების მიღება 6 სექტემბრის ჩათვლით შეუძლია. ამის შემდეგ საპენსიო თანხის ბედს ავტომატურად, საპენსიო სააგენტო გადაწყვეტს და ერთი წლის განმავლობაში მისი შეცვლა შეუძლებელი იქნება.

რა იცვლება?

საპენსიო დანაზოგის ინვესტირება 3 განსხვავებულ პორტფელშია შესაძლებელი. დღემდე საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებადრისკიან საინვესტიციო პორტფელში ხორციელდებოდა, ამიერიდან კი შემოდის საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელების ცნება.

რით განსხვავდება პორტფელები ერთმანეთისგან?

ნაკლებრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაში - მოგება სტაბილურია. ამ შემთხვევაში ინვესტირება უმეტესად საბანკო ანაბრებსა და ობლიგაციებში ხდება. უცხოურ ვალუტასა და საერთაშორისო აქციებში ინვესტირების წილი შეზღუდულია პორტფელის 20%-მდე.

მაღალრისკიანი პორტფელის შემთხვევაში, საპენსიო დანაზოგის ინვესტირება მეტწილად უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში, მათ შორის საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე და კომპანიების აქციებში ხდება. მაღალრისკიანი პორტფელის არჩევისას საერთაშორისო აქციებში ინვესტირების წილი მაქსიმუმ 60%-ს შეადგენს.

საშუალორისკიანი პორტფელი ნაკლებად რისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელების ნაზავია. შერეულ პორტფელში უცხოური აქტივების წილი 40%-მდე შეიძლება გაიზარდოს. საინვესტიციო ფონდებში ინვესტირების შესაძლებლობას შერეული პორტფელიც იძლევა.

მთავარი სირთულე - როგორ შევცვალოთ პორტფელი?

საინვესტიციო პორტფელის არჩევა მონაწილეს მისი პირადი ელექტრონული გვერდიდან შეუძლია my.pensions.ge, ასევე შესაძლებელია მონაწილემ ეს არჩევანი იუსტიციის სახლებიდან ან საპენსიო სააგენტოს ოფისიდან (თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას 14) განახორციელოს. 

თუმცა, ყველაფერი არც ასე მარტივადაა...

პორტფელის არჩევის პერიოდი „დაემთხვა“ აგვისტოს, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა დედაქალაქიდან გასულია და ამ შემთხვევაში ყველაზე მარტივი გზა ვებგვერდის მეშვეობით ცვლილების განხორციელებაა.

თუმცა, საპენსიო სქემის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ my.pensions.ge-ზე პირად ანგარიშზე დარეგისტრირდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ელექტრონული პირადობის მოწმობა, მისი წამკითხველი მოწყობილობა და ელექტრონული ხელმოწერა აქვთ, ასევე იციან ამ პირადობის მოწმობის ავთენტიფიკაციის პინ კოდი.

თუ საპენსიო სააგენტოში მისვლას გადაწყვეტთ, არც ამ შემთხვევაში გაგიმართლებთ, იქ 2-3 საათიანი რიგი და მხოლოდ ერთი ოპერატორი დაგხვდებათ.

გარდა ამისა, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია საპენსიო სააგენტოს დაუკავშირდეს ცხელ ხაზზე - 1480, რომელიც ფასიანია და საუკეთესო შემთხვევაში ნახევარი საათის განმავლობაში მოუწევს ოპერატორის ლოდინი.

თუ ვერ ვახერხებთ პორტფელის შეცვლას? 

ის მოქალაქეები, რომლებიც თავად არ (ვერ) აირჩევენ სასურველ პორტფელს, ავტომატურად გადანაწილდებიან სხვადასხვა პორტფელში, ასაკის შესაბამისად. კერძოდ: 

• 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები გადანაწილდება მზარდ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში; 

• 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები - შერეულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში; 

• ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები - სტაბილურ (ნაკლებადრისკიან) საინვესტიციო პორტფელში.

საინვესტიციო პორტფელის შეცვლა 12 თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი ანუ აგვისტოში არჩეული პორტფელი, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეგიძლიათ შეცვალოთ, რომლის შემდეგაც თავიდან დაიწყება ერთწლიანი პერიოდის ათვლა, აღნიშნულ პერიოდში კი იმოქმედებს ჩამკეტი მექანიზმი.

და ბოლოს, საინტერესო სიახლე

საპენსიო პორტფელების არჩევის ირგვლივ არსებული სირთულეების პარალელურად, როგორც „კომერსანტს“ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გიორგი მელიქიძემ განუცხადა, პარლამენტში შესულია კანონი, რომელიც პორტფელების არჩევის პერიოდის გახანგრძლივებას გულისხმობს.

„კანონმა პირველი მოსმენა გაიარა და იმედი გვაქვს, შემოდგომაზე უკვე მიიღებენ. ამის შემდეგ საპენსიო სქემის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ საინვესტიციო პორტფელი არამხოლოდ 6 სექტემბრამდე, არამედ შემდეგაც აირჩიონ, არჩევის შემდეგ კი 12 თვით ჩაიკეტება. ერთი წლის გასვლის შემდეგ თუ სურვილი ექნებათ, ისევ შეეძლებათ პორტფელის შეცვლა და ასე ყოველ ერთ წელიწადში ერთხელ“, - განმარტა გიორგი მელიქიძემ.