გამყინვარების ბოლო ეპოქიდან დაახლოებით 4000 წლის შემდეგ, მონადირე-შემგროვებლები კლიმატის უეცარი ცვლილების კიდევ ერთ შეტევას შეეჩეხნენ, რომელმაც ისინი აიძულა, სწრაფად მორგებოდნენ გაცილებით ცივ სამყაროს.
მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ისეთი მკაცრი და ხანგრძლივი, როგორც გამყინვარების ბოლო ეპოქის ფინალური ეტაპები, რომლებიც 11 700 წლის წინ დასრულდა — 8200 წლის წინანდელმა აცივების მოვლენამ მაინც გამოიწვია ის, რომ ათწლეულებში ტემპერატურა დაახლოებით 6°C-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, დაახლოებით შოტლანდიის ზომის ხმელეთის მასა ნორვეგიის კონტინენტურ შელფს მოსწყდა და სტორეგას მძლავრი ცუნამი გამოიწვია, რამაც საბოლოოდ გამოყო ბრიტანეთი ევროპისგან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრის, რიკ შულტინგის განცხადებით, ამ პროცესს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ხალხი გადაურჩა; ნაწილი აიბარგა და გადასახლდა, ნაწილი კი ადგილზე დარჩა.
„ეს ხალხი პასიური მსხვერპლი არ იყო, ისინი სწრაფად მოერგნენ“, — ამბობს იგი.
მეცნიერებს უკვე შესწავლილი ჰქონდათ, რა გავლენა იქონია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ხალხზე 8200 წლის წინანდელმა გამყინვარებამ, მაგრამ ამ კვლევათა უმეტესობა რეგიონული იყო. უფრო ფართო სურათის მისაღებად, შულტინგმა და მისმა კოლეგებმა ერთმანეთს შეადარეს ჩრდილო-დასავლეთ ევროპისა და სამხრეთ ციმბირის არქეოლოგიური და გარემოებითი ჩანაწერები.
არქეოლოგიურ ჩანაწერებს შორის არის მონადირე-შემგროვებელთა დიდი სამარხები და ადამიანთა და ცხოველთა რადიონახშირბადულად დათარიღებული თითქმის 300 ნაშთი ბაიკალის რეგიონიდან. ეს ყველაფერი შეაჯერეს მაღალი რეზოლუციის გარემოებით ჩანაწერებთან, მაგალითად, ტბის დანალექებში შემორჩენილ ყვავილის მტვერთან და ნახშირთან; ამან კი ცხადყო წარსულის ცვლილებები ვეგეტაციაში, კლიმატსა და ცეცხლის აქტიურობაში ათწლეულების დონის სიზუსტით.
შედეგები აჩვენებს, რომ 8200 წლის წინანდელ აცივებას ადამიანები ძლიერ სხვადასხვა გზებით მოერგნენ. მაგალითად, ნორვეგიის ოსლოს ფიორდში გაიზარდა დასახლებათა რაოდენობა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სანაპირო საზოგადოებები შეიძლება აღორძინდნენ, რადგან ჭამდნენ თევზს, სელაპებსა და მოლუსკებს, რომლებიც კლიმატის ცვლილების შემდეგაც სტაბილურად დარჩნენ.
ზუსტად ასე შეიძლება აეღორძინებინა ბაიკალის ტბის რესურსებს ადგილობრივი მოსახლეობა; თანაც იმდენად ძლიერ, რომ არქეოლოგებმა თითქმის ვერ იპოვეს 8200 წლის წინანდელი აცივებისადმი ადამიანთა რეაგირების კვალი.