სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის წმინდა კირილეს და მეთოდის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა დოქტორ დუშკო ნედელკოვსკიმ და ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
„მემორანდუმი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებას. შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივ კვლევებს, სამეცნიერო პუბლიკაციების გაცვლას, პერსონალის მოკლევადიან გაცვლით პროგრამებს, საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში ორმხრივ მონაწილეობას, ასევე, თანამედროვე კვლევითი მეთოდების დანერგვასა და ცოდნის გაზიარებას სოფლის მეურნეობის სფეროში“, - აღნიშნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
მხარეები აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინოვაციური კვლევების განვითარებას, ცოდნის გაცვლას და თანამედროვე აგროსამეცნიერო მიმართულებების გაძლიერებას, რაც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ორივე ქვეყნის გამოცდილებას და მეცნიერულ პოტენციალს.
ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენლებმა წილკანში მდებარე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიულ ბაზა დაათვალიერეს, სადაც ადგილზე გაეცნენ ქსოვილის კულტურის (In-Vitro) ლაბორატორიას, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის ლაბორატორიას და სერტიფიცირების ლაბორატორიას. ლაბორატორიების ხელმძღვანელებმა სტუმრებს დეტალურად გააცნეს მიმდინარე კვლევები და მიღწევები.
სტუმრები ჯიღაურას ბაზაზეც იმყოფებოდნენ, სადაც დაათვალიერეს საკოლექციო ვენახი და ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას. ვაზისა და ღვინის საგამოფენო სივრცეში ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურული ღირებულებების შესახებ.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს