საგადასახადო კონსულტანტის მომსახურების უპირატესობების თემაზე გვესაუბრება ნათია ჩაგანავა - გრანთ თორნთონ საქართველოს საგადასახადო მიმართულების მენეჯერი, MBA, საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორი.
დღევანდელი ბიზნეს გარემო მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დგას. ბიზნესის ზრდას თან ახლავს როგორც სხვადასხვა სირთულეები, ისე შესაძლებლობები, რაც ბიზნესის მფლობელებისგან მოითხოვს სწრაფ და კრეატიულ გადაწყვეტილებებს. ხშირად ისმის კითხვა:
რა უპირატესობები გააჩნია საგადასახადო კონსულტანტის მომსახურებას?
საგადასახადო კონსულტანტს შეუძლია ითანამშრომლოს, როგორც გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებთან, ისე სხვადასხვა სფეროში მომუშავე კომპანიებთან. კომპანიების და ფიზიკური პირების საქმიანობიდან გამომდინარე, შესაძლებელია დაბეგვრის პრინციპები განსხვავებულად გავრცელდეს სხვადასხვა საქმიანობაზე, რისი ცოდნაც შედის საგადასახადო ექსპერტის კომპეტენციაში.
საგადასახადო კონსულტანტის ცოდნის და გამოცდილების გამოყენებას კომპანიში, მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია:
- საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობა. საგადასახადო კონსულტანტი მოქმედებს მხოლოდ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე და მის კომპეტენციაში შედის როგორც შესაძლო საგადასახადო რისკების და შედეგების თავის არიდება, ისე დახმარება უკვე დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში;
- დოკუმენტებთან მუშაობა. სათანადო დოკუმენტაცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ერთმა, თუნდაც უმნიშვნელო შეცდომამ, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სირთულეები, როგორიცაა საგადასახადო შემოწმება, გამოძიება, და რაც მთავარია დამატებითი ფინანსური სანქციები;
- საგადასახადო კონსულტანტი მუდმივად აკვირდება მაკონტროლებელი ორგანოების შემოწმების „ტენდენციებს“;
- მას შეუძლია პროფესიონალურად წარმოადგინოს და დაიცვას გადამხდელის ინტერესები საგადასახადო ორგანოებში;
- ის მუდმივად აკვირდება საკანონმდებლო ცვლილებებს და დროულად რეაგირებს ასეთი ცვლილებებით გამოწვეულ ვალდებულებებზე;
- საგადასახადო კონსულტანტი უნდა აცნობიერებდეს კომპანიაში ფინანსური ბიზნეს პროცესების ორგანიზების არსს და პრინციპებს და კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდეს საგადასახადო სტრატეგიის შემუშავებაში.
ასევე, საგადასახადო კოდექსის სპეციფიკის გაგება სულაც არ არის ადვილი და თუ გავითალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კანონმდებლობაში ხშირად შედის სხვადასხვა ცვლილებები. ცხადი ხდება, რომ საგადასახადო კონსულტანტის გარეშე, შეუძლებელია კომპანიის საგადასახადო სტრატეგიის სწორად შემუშავება. სწორედ ამიტომ, დღეს ისეთი სერვისი, როგორიცაა საგადასახადო კონსულტაცია, საკმაოდ აქტუალური და მოთხოვნადია.