,,საფონდო ბირჟა ერთადერთი ბირჟაა, სადაც SALE რომ ცხადდება ყველა შიშით გაბრის მაღაზიიდან’’- ასე აფასებს ამერიკულ საფონდო ბირჟაზე შექმნილ ვითარებას „კომერსანტთან“ ფინანსისტი ჯაბა დიხამინჯია.

დონალდ ტრამპის განცხადებებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც სავაჭრო პარტნიორებთან (მექსიკის, კანადის და ჩინეთი) სატარიფო ომის დაწყებას უკავშირდება პანიკა მოჰყვა. შედეგად ამერიკული საფონდო ბირჟაზე აქციები მკვეთრად ეცემა. განსაკუთრებით ცუდი შედეგი ტექნოლოგიურ კომპანიებს აქვთ, რომლებმაც ჯამურად 3 ტრილიონ დოლარზე მეტის კაპიტალიზაცია დაკარგეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის შეფასება 11%-ით შემცირდა, ხოლო S&P 500-ის შემთხვევაში კორექციის მაჩვენებელი 8%-ს შეადგენს.

რა მოვლენები ვითარდება საფონდო ბირჟაზე და სადამდე შიძლება წავიდეს პროცესები? საკითხზე ,,კომერსანტი“ ფინანსისტ ჯაბა დიხამინჯიას ესაუბრა. ის აღნიშნავს, რომ ინვესტორებს საფონდო ბირჟაზე რადიკალური ცვლილებები და სიახლეები არ უყვართ, რადგან მათთვის უცნობია რა შედეგები მოყვება ამ ცვლილებებს ხვალ. მათი შიში ინფლაციისა და უმუშევრობის მაჩვნებლების ზრდას უკავშირდება.

,,ერთ-ერთი დიდი შიშის ფაქტორი, რაც შეიძლება ახლა გონებაში ჰქონდეთ მსხვილ ინვესტორებს არის ინფლაციისა და უმუშევრობის მაჩვენებლები. ინფლაცია ამ მომენტისთვის დაახლოებით 3%-ია. ტრამპი აძვირებს იმპორტის გადასახადს, ეს სავარაუდოდ გამოიწვევს ინფლაციის კიდევ უფრო მაღლა აწევას და სწორედ ეს იდეა უდევს ყველას თავში. რამდენი ხანია შეერთებული შტატები ებრძვის ინფლაციას. კოვიდიდან მოყოლებული 9%-იანი ინფლაცია იყო და იმის მერე 4 წელია შეერთებული შტატების ეკონომიკა ებრძვის ინფლაციას. ძლივს ჩამოვიდა 2,8%-მდე. სარეზერვო ბანკის მიზანი იყო, რომ ინფლაცია 2%-იან ნიშნულამდე დაეყვანა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოხერხდა 2%-მდე დაყვანა. რამდენიმე ხანია, პირიქით დაიწყო ისევ მატება. ინვესტორებისთვის მატების ეს ტენდენცია არის შემაშფოთებელი. ამას უცებ თავს დაესხა ტრამპის პოლიტიკა, რომ ის ქვეყნებს 25%-ით უძვირებს იმპორტზე გადასახადს. ცეცხლი რომ ანთია და რომ გგონია აკონტროლებ და უცებ ვიღაც მოვა და ნავთს მიასხავს დაახლოებით ეგ არის. ჯერ ეფექტი არ არის, რა თქმა უნდა. ჯერ არ შესულა გაძვირებული ტარიფები ძალაში. ეკონომიური ეფექტი ჯერ არ აქვს, მაგრამ ყველას გონებაში დევს საშიშროება, რომ ინფლაცია გაიზრდება. მეორეს მხრივ, რა უჭირავს ხელში სარეზერვო ბანკს? საკმაოდ დიდი იარაღი აქვს ხელში ბანკის ხელმძღვანელობას. მაგალითად, დოლარზე საპროცენტო განაკვეთი არის 4,5%. თუ ინფლაცია დაიწყებს მატებას, სარეზერვო ბანკს ხელში აქვს იარაღი რომ ეს ინფლაცია აკონტროლოს. მაგალითად დაწიოს დოლარზე საპროცენტო განაკვეთი, ფული შეზღუდოს მიმოქცევიდან.’’- აცხადებს ჯაბა დიხამინჯია.

ფინანსისტი აცხადებს, რომ ბირჟაზე შექმნილი ვითარება ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ჯახა დიხამინჯია ამბობს, რომ ინვესტორები ახლა ბირჟიდან კი არ უნდა გარბოდნენ, არამედ რჩებოდნენ და სასურველი კომპანიების აქციებს იაფად ყიდულობდნენ.

,,ასეთ დროს ძალიან ბევრი აქციაა იაფი და უნდა დაიწყო ყიდვა. S&P 500-ის ინდექსს თუ ავიღებთ (აქ არის მსხვილი კაპიტალის 500 კომპანია) ამ ინდექსის ყველა კომპანიიდან ანუ 500 კომპანიიდან დაახლოებით 70% კომპანიების აქციის ფასები დავარდნილია 10-15%-ით. წარმოიდგინეთ, რაღაც კომპანია, რომლის აქციის ფასი 2 თვის წინ 20%-ით ძვირი ღირდა, ვიდრე დღეს ღირს. SALE-ია ხომ? წესით კი არ უნდა გამორბოდნენ, უნდა შერბოდნენ ბირჟაზე. პანიკა ისეთი თემაა, ყველას ეშინია, ყველა თავისი ფულის გადარჩენაზეა გადასული. მეორე მომენტია კიდევ, რომელი კომპანიების აქციების ფასები ვარდება. 9%-ით დაიკლო მთლიანმა ინდექსმა წლის დასაწყისიდან. მიჩნეულია, რომ 9-10%-იანი ვარდნა კარგი, ჯანსაღი კორექციაა. ძალიან ბევრი კომპანიის ბევრი აქცია არის ძალიან იაფი. რადგან ყურადღებას არავინ არ აქცევდა არასოდეს, რადგან ისინი ნელა იზრდებიან. ყველას უნდოდა მაღალი რისკის კომპანიები. ვთქვათ, ტესლა. 5 თვეში 70%-ით რომ გაიზრდება. ასეთი აქციების ფასი ვარდება ახლა ზუსტად, რომლებიც 4-5 თვეში 70-80%-იან აღმასვლას ახორციელებდნენ. ინდექსშიც ეს ისახება. არის კომპანიები, მაგალითად ჰერშლი. არავის არ უნდა ჰერშლის აქციები, მაშინ როცა ტესლა მირბის მაღლა, ან ფეისბუქი მირბის მაღლა, ან ტექნოლოგიური კომპანიები მირბიან მაღლა. საფონდო ბირჟაზე ახლა SALE-ია. ერთადერთი მაღაზიაა საფონდო ბირჟა, სადაც სეილი როცა ცხადდება ყველა გაბრის. ახლა არის ეგ მომენტი რომ პირიქით უნდა მირბოდე. პრაგმატული ინვესტორი პირიქით, საყიდლად ახლა ემზადება, ყველა რომ გამობრის მაშინ.’’- აცხადებს ჯაბა დიხამინჯია.

ფინანსისტი განმარტავს, რომ საფონდო ბირჟაზე ახლა პანიკაა, თუმცა მიუხედავად ამისა ინვესტორები კომპანიების აქციებს მაინც ყიდულობენ. თუმცა შესყიდვებს ჩუმად აკეთებენ, რადგან ასეთ ვითარებაში აქციების შესყიდვა მასაში გონივრულ გადაწყვეტილებად არ მიიჩნევა. ჯაბა დიხამინჯია აცხადებს, რომ ინვესტორებს ეშინიათ სხვების მხრიდან დაცინვის ობიექტებად არ იქცნენ, ამიტომ შესყიდვების შესახებ ხმამაღლა არ საუბრობენ. ფინანსისტი განმარტავს, რომ ახლა კომპანიები საკუთარი აქციების უკან შესყიდვით არიან დაკავებულები. ისინი თავისუფალ ფულს ისევ საკუთარი აქციების კომპანიაში დაბრუნებას ახმარენ, რაც გონივრული და სწორი ნაბიჯია, რადგან ამისთვის ნაკლებს იხდიან.

,,უამრავი კომპანიაა, რომელთა აქციებსაც ინვესტორები ყიდულობენ. არავინ არ ვყირის ვიყიდეო. ყველა ყვირის მე გამოვედიო, პანიკაა. არავინ ამბობს, რომ ყიდულობს, რადგან მაგრად დაიცინება. იმიტომ, რომ უმრავლესობა ფიქრობს, რომ უნდა გამოხვიდე. არავის არ სურს, რომ აბუჩად აიგდონ. მთავარია რას ყიდულობ. უნდა იყოს ხარისხი, ისეთი პროდუქტი, რომელიც მაღალი ხარისხის არის. კარგი ბიზნესია, ვალები არ აქვს. აქვს დიდი ქეში ანგარიშებზე. ამ ქეშით თავისი კომპანიის აქციებს თავად ყიდულობენ, რადგან იაფია დღეს აქციები. თავისი აქციების უკან შესყიდვით არსებული ინვესტორების დოვლათს ამდიდრებს. ანუ ჭვკიანურად აბანდებს თავისუფალ ფულს. ილონ მასკი თავისი კომპანიის აქციებს არ ყიდულობს. რადგან ძვირია. აქციების ფასი რომ ვარდება და კიდევ რომ დავარდება, მერე შეიძლება იყიდოს. მაგრამ პიკზე არ ყიდულობს. ფულის ყველაზე კარგად გამოყენების საშუალებად ხედავენ არა სხვა კომპანიების აქციების ყიდვაში, არამედ თავისი აქციები იყიდოს.’’- აცხადებს ჯაბა დიხამინჯია.

ფინანსისტს ვკითხეთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? ჯაბა დიხამინჯია აცხადებს, რომ პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, რადგან რა მოხდება ხვალ ამისი განჭვრეტა არავის შეუძლია. ფინანსისტი ამბობს, რომ უნდა შევხედოთ არსებულ მონაცემებს და წარსულ გამოცდილებას. მისივე განმარტებით, საფონდო ბირჯაზე 10%-მდე ვარდნა საგანგაშო არ არის და ეს მაჩვენებელი ჯანსაღია. პანიკა არა უკვე შექმნილ სიტუაციას, არამედ მომავალში მოსალოდნელ შედეგებს უკავშირდება. მომავლის განსაზღვრა კი დღეს არავის შეუძლია.

,,არავინ არ იცის ხვალ რა მოხდება. ბაფეტსაც რომ ჰკითხო, არ იცის ხვალ რა მოხდება. უბრალოდ უნდა იმოქმედო იქიდან გამომდინარე, რაც ხელში გიჭირავს. და ხელში რა გიჭირავს? ინფლაცია 3%, საპროცენტო განაკვეთი 3,4%, უმუშევრობის მაჩვენებელი 4,1%. ახლა ეს სამი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაცემი. საფონდო ბირჟების 10%-იანი ვარდნა არის ჯანსაღი კორექცია. ამას ნატრულობენ. აგერ არის და რატომ გვეშინია? ადამიანებს დამდგარი ფაქტის კი არ ეშინიათ. რადგან ფაქტი ჯერ არაფერი არ არის. ეშინიათ რა შეიძლება მოჰყვეს ამას. ჯერ რაც არ მომხდარა იმისი შიში აქვთ. ყველას ეშინია, თუ რას გამოიწვევს მომავალში ეს. თუმცა არასდროს არ ხდება ისე, როგორც უმრავლესობას ჰგონია. მათ ეშინიათ ინფლაციის მატების და ფასების მატების. ფასების მატება იწვევს ასევე სამსახურების დაკარგვას, გაყიდვების შემცირებას. ამისი ეშინია ყველას."- განმარტავს ჯაბა დიხამინჯია.