საქართველოში მაღალი რეპუტაციის მქონე უცხოური ბანკების შვილობილი კომპანიებისა და ფილიალებისთვის საბანკო ლიცენზიის მიღების პროცედურების გამარტივება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში შოთა ბერეკაშვილის, პაატა კვიჟინაძისა და სხვა დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტით არის გათვალისწინებული.
კანონპროექტის მიხედვით, გამარტივებული ლიცენზირება შეეხება საერთაშორისო გამოცდილების, კარგი რეპუტაციის, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლებისა და გამჭვირვალე მფლობელობის სტრუქტურის მქონე უცხოურ ბანკებს.
ბანკის სანდოობის შეფასებისას გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების შეფასებები. მისაღები სააგენტოებისა და მინიმალური რეიტინგის მოთხოვნებს, ისევე როგორც სანდო საბანკო ზედამხედველობის მქონე ქვეყნების ჩამონათვალს, საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს.
ცვლილებებით ასევე მცირდება წარსადგენი ინფორმაციის მოცულობა: უცხოურ ბანკებს აღარ მოეთხოვებათ ყველა აქციონერის შესახებ დეტალური მონაცემების წარდგენა — მოთხოვნა გავრცელდება მნიშვნელოვანი წილის მფლობელებზე, მფლობელობის შუალედურ რგოლებსა და საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეებზე.
კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ ეროვნულ ბანკს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მისაღებად ან შესაცვლელად 12 თვე ექნება.