პარიზის სააპელაციო სასამართლომ ნამახვანჰესის საქმეზე საქართველოს მიერ კომპანია ENKA Renewables-სთვის $400 მილიონის გადახდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეაჩერა.

საქმის განხილვისას სასამართლომ პირველი კომპანიის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა განიხილა და საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ 2024 წელს მიღებული გადაწყვეტილების, რომლის მიხედვითაც საქართველოს ENKA Renewables-სთვის $383.2 მილიონის გადახდა დაეკისრა, აღსრულების ბრძანება გასცა. თუმცა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ სასამართლომ ქართული მხარის მიერ გადახდის შეჩერების შესახებ წარდგენილი შუამდგომლობა განიხილა.

ქართულმა მხარემ სასამართლოს განუცხადა, რომ კომპანიის მიერ მოთხოვნილი თანხა სახელმწიფოს თავდაცვის ბიუჯეტის 60%-ს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 250%-ს შეადგენს, რის გამოც სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული თანხის გადახდა საქართველოს სუვერენული სახელმწიფო ფუნქციების შესრულებას "სერიოზულ ზიანს მიაყენებდა".

ასევე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ENKA Renewables კონკრეტულად ნამახვანჰესის პროექტისთვის შექმნილი კომპანია იყო, რომელიც სხვა ეკონომიკურ საქმიანობას არ აწარმოებდა და არც რაიმე სახის აქტივებს ფლობდა, რის გამოც თანხის საარბიტრაჟო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე გადახდისას იქმნებოდა რისკი, რომ საბოლოოდ სახელმწიფოს გამართლების შემთხვევაში თანხის დაბრუნება შეუძლებელი იქნებოდა.

საქართველოს მთავრობასა და ENKA Renewables-ს შორის ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ხელშეკრულების ოფიციალურად გაწყვეტის შესახებ ცნობილი 24 მარტს გახდა. მიზეზი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული სიტუაცია გახდა.

საუბარია 2019 წლის 25 აპრილს დადებულ  ხელშეკრულებაზე საქართველოში ნამახვანჰესის აშენებასთან დაკავშირებით, რასაც რიონის ხეობაში ხანგრძლივი პროტესტი მოყვა. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან მოლაპარაკებები EU-ის მედიაციით მიმდინარეობდა, თუმცა, ე.წ რიონის ხეობის მცველებმა მედიაციის პროცესი დატოვეს.

2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტდა.

tabula.ge