"აი ფაქტმა" დეკლარაციაზე დაყრდნობით გამოძიება ჩაატარა და გამოიკვლია, რა უძრავ და მოძრავ ქონებას ფლობს გეკა გელაძე და მისი მეუღლე? 

ირკვევა, რომ "ოცნების" შს მინისტრი და მისი ცოლი ნათია ელიზბარაშვილი 2 კერძო სახლს, 6 ბინას და სასტუმროს ერთ ნომერს ფლობენ.

აღმოჩნდა, რომ გეკა გელაძემ უძრავი ქონების უმეტესობა 2011 წლის შემდეგ უფიქსირდება და მათი ძირითადი ნაწილი ცოლის სახელზეა რეგისტრირებული.

  • გელაძის ცოლმა 2023 წელს 228 000 დოლარად იყიდა 168 კვ.მ ბინა მთაწმინდაზე, ემ კვადრატის კომპლექსში. ბინა ფუნიკულიორის პარკიდან ხუთი წუთის სავალზე, ოქროყანის ტყე-პარკში მდებარეობს. 
  • ნათია ელიზბარაშვილმა 2024 წელს იყიდა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერი ყოფილ იპოდრომთან, “ორბი ჯგუფის” მშენებარე კომპლექსში, “ცენტრალ პარკ თაუერსი”. აქ “რადისონ ბლუს” გახსნა იგეგმება; ქონება 150 000 დოლარად შეიძინა. ეს თანხა, დეკლარაციის მიხედვით, მშობელმა აჩუქა;
  • მას ბინები აქვს ვაკეშიც. ერთი “პარკ პლეისის” კომპლექსში, რომელიც 2012 წელს, 182 000 დოლარად იყიდა, მეორე - უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც, დაახლოებით, 150 000 დოლარადაა შეფასებული;
  • ნათია ელიზბარაშვილის სახელზეა 3-სართულიანი კერძო სახლი კოჯორში, აზეულას ქუჩაზე. ამ უბანში მსგავსი სახლები, სულ მცირე, 300 000 დოლარი ღირს; აგარაკი ბეთანიაშიც აქვთ - ამჯერად, უშუალოდ გელაძის სახელზე. ეს სახლი, დაახლოებით, 200 000 დოლარადაა შეფასებული.
  • ბაკურიანში გელაძის ცოლს სამი აპარტამენტი აქვს, სასტუმრო K2-ის კომპლექსში. სამივე მათგანი 2017 წელს შეიძინა;
  • გარდა ამისა, გელაძეს მიწის ნაკვეთი აქვს ახმეტაში, სოფელ მაღრაანში.

ქონება ოქროყანაში, ბეთანიაში, კოჯორში, ბაკურიანში, თბილისში ჭავჭავაძის და ყაზბეგის გამზირებზე მდებარეობს.

გეკა გელაძის ერთი შვილი თბილისის ევროპულ სკოლაში სწავლობს, მეორე - ინგლისში, ექსეტერის უნივერსიტეტში. 

  • შს მინისტრის ხელფასი ოფიციალურად, 13 600 ლარია. გასულ წელს კი ნაკლები, 12 410 ლარი იყო. რაც შეეხება ბიუჯეტის მიღმა შემოსავლის წყაროს,  გელაძეს სამშენებლო კომპანიებიდან 2020-2024 წლებში 530 000 ლარი აქვს აღებული. ამჟამად, მხოლოდ შპს “დეკოს” ფლობს, საიდანაც შემოსავალი არ აქვს. ერთი კომპანია აქვს მინისტრის ცოლსაც - სილამაზის სალონი შპს “ნეილ ბარი”. თუმცა, დეკლარაციებში ამ ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება.

ცალკეა გამოყოფილი ძვცირადღირებული ავტოპარკიც:

  • გელაძეს და მის ცოლს  ჰყავთ - 105 000 ევროიანი მერსედესი და 70 000 დოლარიანი ტოიოტა.