დონალდ ტრამპი მზად არის განიხილოს ირანის წინადადება ურანის „სიმბოლურად“ გამდიდრების შესახებ, თუმცა სხვა ვარიანტებიც განიხილება, კერძოდ, ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდაცია, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის განიხილოს წინადადება, რომელიც ირანს ურანის „სიმბოლურად“ გამდიდრების საშუალებას მისცემს, თუმცა ამან ბომბის შექმნის შესაძლებლობა უნდა გამორიცხოს.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს შესაძლო სამხედრო ვარიანტებიც წარუდგინეს, კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი აშშ-ის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა და მისი შვილის ლიკვიდაციას გულისხმობს.

„ტრამპი მზად იქნება, რომ შეთანხმებას დათანხმდეს, რომელიც რეალური იქნება და რომლის პოლიტიკურად „გაყიდვასაც“ აშშ-ში შეძლებს. თუ ირანელებს თავდასხმის თავიდან აცილება სურთ, მაშინ მათ წინადადება უნდა შემოგვთავაზონ, რომელზეც უარს ვერ ვიტყვით“, - განუცხადა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, „თუ ირანი თამაშს გააგრძელებს, მაშინ ტრამპს მოთმინება ამოეწურება“.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი წინადადებას მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში შეიმუშავებს და აშშ-ს წარუდგენს.

www.interpressnews.ge