თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა კომპანიების, „კულას“ და „ბატონოს“ დირექტორს, ივანე (ვანო) გოგლიძეს - მას „ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებას“ ედავებიან.
ბრალდება „ბატონოს“ პროდუქციას ეხება. „ბატონოსაც“ და „კულასაც“ ერთი მფლობელი ჰყავს.
გოგლიძე 20 თებერვალს დააკავა „ფინანსურმა პოლიციამ“ - მას ედავებიან „სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღებას“.
24 ტონა „უვარგისი“ კონსერვი ტენდერში გამარჯვებულისგან
გამოძიების ვერსიით:
- ბრალდებულმა, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 ტონა თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“.
- პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის.
„პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს“, - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
„უვარგისია“ - ამბობს გამოძიება
ფინანსური პოლიციის თანახმად, ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით:
- „კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს“;
- ის „უვარგისია მოხმარებისთვის“;
- ამასთან, „რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.
გამოძიების თანახმადვე, კონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.
გოგლიძეს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ექმურება.
რას ამბობს გოგლიძე?
ბრალდებული მზად იყო, 500 000 ლარი გადაეხადა გირაოში, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარის პოზიციით, შესაძლებელია, ცალკეული პროდუქცია დაზიანებული იყო - თუმცა არა სრული პარტია - და გამოსაკვლევია, რამ გამოიწვია ეს და „რა პირობებში ინახებოდა“:
„ის, რომ მთელი პროდუქცია იყო დაზიანებული, როგორც ეს იყო წარმოჩენილი, ამას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება. ერთ რამეში არის დარწმუნებული, რომ გამოძების შედეგად აუცილებლად დადგინდება, რომ არანაირი სრული პროდუქცია დაზიანებული არ ყოფილა“, - ამბობს ბიზნესმენის ადვოკატი კახა წერეთელი.
„ეს იყო ჩვეულებრივი მუშა პროცესი, დაზიანებული პროდუქტი იცვლებოდა და ისიც არ არის წარდგენილი, სად და რა ვითარებაში მიიღო პროდუქტმა ეს დაზიანება“, - ამბობს იგი.
მისი თქმითვე, პარტია „წინასწარ გადიოდა შემოწმებას და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიდიოდა ამ სამსახურებში“:
„მთავარი შემოწმება და მთავრი ინდიკატორი რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მოცულობის პროდუქციის ათვისების პირობებში, ერთი მოწამვლის ფაქტი თუ მაინც დაფიქსირდა? მსგავსი ფაქტი ჩვენთვის ცნობილი არ არის“, - განაცხადა ადვოკატმა „ტვ პირველთან“.
„ხელყუმბარებზეც კი ტარდება ექსპერტიზები და კონსერვების ქილებს თუ შეეძლოთ მთელი შენობის დაზიანება და ექპსერტების სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება და ამ მოტივით ექსპერტიზის არჩატარება, ეს ჩვენთვის გაუგებარია“, - თქვა მან.
- სამეწარმეო რეესტრის თანახმად, „ბატონოს“ - რომელიც 2015 წელს არის დაფუძნებული, - ამჟამად ფლობს ლეილა ლონდარიძე;
- ის ასევე კომპანია „კულას“ მფლობელი.
- გოგლიძე ამ ორივე კომპანიაში იკავებდა დირექტორის პოზიციას.