გვესაუბრება ქეთევან ღამბაშიძე - გრანთ თორნთონ საქართველოს საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი, MBA, PhD(c) სერტიფიცირებული აუდიტორი.
დღევანდელი ბიზნეს გარემო მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დგას. ბიზნესის ზრდას თან ახლავს როგორც სხვადასხვა სირთულეები, ისე შესაძლებლობები, რაც ბიზნესის მფლობელებისგან მოითხოვს სწრაფ და კრეატიულ გადაწყვეტილებებს. ხშირად ისმის კითხვა:
როგორ ავირჩიოთ საგადასახადო კონსულტანტი?
დღესდღეობით საგადასახადო კონსულტანტის პროფესია აქტიურად იპყრობს შრომის ბაზარს მსოფლიოს უმეტეს განვითარებულ ქვეყნებში. თითოეულ ქვეყანას აქვს ამ პროფესიის საკუთარი ისტორია და ტრადიციები. საკანონმდებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეკონომისტები მთელ მსოფლიოში საგადასახადო-საკონსულტაციო მომსახურების სფეროს ყოფენ სახელმწიფოს მიერ რეგულირებად და თვითრეგულირებად სფეროდ.
საქართველო მიეკუთვნება საგადასახადო კონსულტანტების მომსახურების თვითრეგულირებადი ბაზრის მქონე ქვეყნებს. ისეთებს როგორიცაა მაგალითად დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ჰოლანდია, ბელგია, ფინეთი და შვეიცარია.
ცხადია, მომსახურების ამ სფეროში თვითრეგულირებადი ბაზრის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ საგადასახადო კონსულტაციის მარეგულირებელი კანონის არარსებობა იწვევს ქაოსს ამ ინდუსტრიაში. როგორც წესი, ასეთ ქვეყნებში საგადასახადო კონსულტანტების საქმიანობაზე გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი პროფილის პროფესიული ორგანიზაციები. მით უფრო, მსგავსი პროფესიული ორგანიზაცებისა თუ სხვა მაკონტროლებელი ორგანიზაციების მიერ დიდი ყურადღება ეთმობა საგადასახადო-საკონსულტაციო მომსახურების გამწევი აუდიტორული და საერთაშორისო ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიების პერიოდული ხარისხის კონტროლის განხორციელებას.
საგადასახადო კონსულტაციაში სპეციალიზებული კომპანიის სპეციალისტები ასევე კარგად ერკვევიან ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბუღალტერია, საგადასახადო აუდიტი, საერთაშორისო სტანდარტები, საერთაშორისო საგადასახადო პრაქტიკა და მიდგომები, რაც მათ საშუალებას აძლევს შეისწავლონ შესაძლო რისკები და განახორციელონ საგადასახადო დაგეგმვა, გამოყონ არსებული ხარვეზები და ხელი შეუწყონ მათ აღმოფხვრას, რაც საბოლოოდ იწვევს საქმიანობის ოპტიმიზაციას ისევე, როგორც ნებისმიერი ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რესურსის - დროის რესურსის დაზოგვას.
ამასთან, საგადასახადო კონსულტაციაში სპეციალიზებული საერთაშორისო ქსელში შემავალი ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიის მომსახურების შეძენისას, გასათვალისწინებელია ის საერთაშორისო პრაქტიკაც, რომელზეც ამგვარი კომპანიის თანამშრომელს, ხელი მიუწვდება კომპანიის ფართო საერთაშორისო ქსელის პოტენციალის და ცოდნის გაზიარების ბაზაზე.