ეროვნული ბანკი ლარის კურსის შენარჩუნებას ცდილობს. ბანკში განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და ასეთი მერყეობები მოკლევადიანია. ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე თვეში რეზერვებიდან ინტერვენცია ორჯერ განახორციელა. 8 ოქტომბერს სავალუტო აუქციონზე გასაყიდად ბანკმა 60 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა. გაიყიდა 48 500 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7194 შეადგინა. მეორე ინტერვენცია 16 ოქტომბერს განხორციელდა, როდესაც აუქციონზე გასაყიდად 70 მლნ. აშშ დოლარი გაიტანეს. გაიყიდა 64 900 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა.

,,ეროვნული ბანკი საკმაოდ ხისტად რეაგირებს ლარის კურსის ცვლილებაზე.’’- ასე აფასებს ბანკის ბოლოდროინდელ ქმედებებს ეკონომისტი დავით კეშელავა. ,,კომერსანტთან საუბარში ის აღნიშნავს, რომ ინტერვენციებს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი აქვს და რეზერვების გაყიდვა მოლოდინებზე გარკვეული გავლენის მოხდენის მცდელობაა.

,,დროის მოკლე მონაკვეთში კურსის სწრაფი და მნიშვნელოვანი გაუფასურება გვქონდა. ინტერვენცია ალბათ იმას ემსახურებოდა, რომ საკმარისი ლიკვიდურობა მიეწოდებინათ კომერციული ბანკებისთვის. ასევე, ხელი შეეშალათ კურსის შემდგომი გაუფასურებისთვის. ზაფხულშიც იყო რამდენიმე ეპიზოდი, როცა უცებ ლარი გაუფასურდა და ინტერვენციები მოხდა. როგორც წესი, ინტერვენციებს ეროვნული ბანკი მოკლე ვადიანად იყენებს. მერე ისევ უკან ყიდულობს დოლარს. დიდი სხვაობა გაყიდულ და შესყიდულ დოლარს შორის არ არის. ცოტათი უფრო მეტი იქნება გაყიდული, მაგრამ უზარმაზარი სხვაობა არ იქნება. რეზერვების გაყიდვა მოლოდინებზე გარკვეული გავლენის მოხდენის მცდელობაა. ამით განაცხადს აკეთებს ეროვნული ბანკი, რომ ხშირად ჩაერევა ბაზრის ფუნქციონირებაში და თუ საჭიროება იქნება დიდი რაოდენობითაც გაყიდის უცხოური ვალუტის რეზერვებს.’’- აცხადებს დავით კეშელავა.

ეკონომისტი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მიზეზების დადგენა, რის გამოც ლარი უფასურდება. თუ კურსი დევალვაციას ფუნდამენტური მიზეზების გამო განიცდის, მაშინ მხოლოდ ინტერვენციებით ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება.

,,რეზერვები არ არის ლარის საშუალოვადიანი მდგრადობის შენარჩუნების ინსტრუმენტი. ეს მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში ლიკვიდობის მიწოდებისთვის დაშვებული ინსტრუმენტია. თუ კი რაღაც ფუნდამენტური ფაქტორებით არის გამოწვეული ლარის გაუფასურება, ამ შემთხვევაში რეზერვების გაყიდვას ერთადერთი დანიშნულება ექნება, რომ ეს მოლოდინები გარკვეულწილად მოთოკოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ მხოლოდ ინტერვენციებით შეუძლებელი იქნება ლარის სტაბილურობის შენარჩუნება. რეზერვების გაყიდვა მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ ლარის გაუფასურება მოკლევადიანი მოლოდინების ცვლილების შედეგად არის გამოწვეული. თუ ფუნდამენტური ფაქტორებით არის გამოწვეული მაგალითად ვაჭრობით, გზავნილებით და ა.შ. ასეთ შემთხვევაში კურსის დიდხანს შენარჩუნება ინტერვენციებით პრაქტიკულად წარმოუდგენელია.’’- აცხადებს დავით კეშელავა.

ქვეყანა წლების განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრული რეზერვების მინიმალურ რაოდენობას ვერ აკმაყოფილებდა. გამონაკლისი იყო ბოლო რამდენიმე წელი, როდესაც ლარისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა. დავით კეშელავა აცხადებს, რომ ამ პერიოდში რეზერვების მასშტაბური ხარჯვა შესაძლოა პრობლემური იყო, რადგან არჩევნების წინ გაურკვევლობაა.

,,რეზერვების მასშტაბური ხარჯვა შეიძლება იყოს პრობლემური რეზერვების დაკლების კუთხით, მაგრამ აქ მხოლოდ ინტერვენციას არ უნდა შევხედოთ, აქ უნდა შევხედოთ თავად რეზერვების დონეს. ინტერვენციები კი ხდება, მაგრამ თუ ამის შემდგომ ეროვნული ბანკი შეიძენს დოლარს, ეს გარკვეულწილად დააბალანსებს მანამდე განხორციელებულ მასშტაბურ ინტერვენციას და სხვაობა იმდენად დიდი არ იქნება. თუ ინტერვენციები მასშტაბურად გაგრძელდა, მაშინ კი რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ საფრთხეს შექმნის. ზოგადად, საკმარისი რაოდენობის რეზერვების ქონა მნიშვნელოვანია, რადგან ახლა ძალიან ბევრი გაურკვევლობაა. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, როგორი იქნება საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან, რამდენად შეწყდება დაფინანსება. ყველაზე უარეს სცენარს თუ განვიხილავთ, რომ კიდევ უფრო დაიძაბოს ურთიერთობა, ეს ავტომატურად დიდ წნეხს გააჩენს ლარზე. ამ დროს შეიძლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყოს ბაზრისთვის დოლარის მიწოდება მოკლევადიანი ინტერვენციებით“, - აცხადებს დავით კეშელავა.

სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობისა და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით, ეროვნული ბანკი პერიოდულად მიმართავს სავალუტო ინტერვენციებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში კვლავ ძლიერია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს.