ეროვნულმა ბანკმა ერთ თვეში რეკორდული რაოდენობის თანხის ინტერვენცია განახორციელა. ბანკმა ოქტომბერში სავალუტო აუქციონზე სამჯერ ივაჭრა და ჯამში $173.4 მილიონი დოლარი გაყიდა.

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი აცხადებს, რომ არჩევნების წინ ამ ოდენობით რეზერვების გაყიდვა საეჭვოა. მისივე თქმით, ბანკი პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

,,რეზერვების გაყიდვა საკმაოდ საეჭვოდ ხდება არჩევნების წინ. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს და კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია, რომ ეროვნული ბანკი არ არის დამოუკიდებელი. ეროვნული ბანკი ან მართლაც დამოუკიდებელი უნდა იყოს, ან ჯობია საერთოდ არ არსებობდეს. პოლიტიზებულ ეროვნულ ბანკზე უფრო კატასტროფული შედეგი ვერანაირად ვერ გვექნება. ეროვნული ბანკი რასაც აკეთებს, მაგალითად ფარცხალაძესთან დაკავშირებით რაღაც უცნაური მოძრაობები, რეზერვების გამოყრა არჩევნების წინ გვარწმუნებს, რომ ეროვნული ბანკი არის პოლიტიზებული და ემსახურება ,,ქართულ ოცნებას“. - აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.

ბოლო ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა, 23 ოქტომბერს განახორციელა და სავალუტო აუქციონზე $60 მილიონი დოლარი გაყიდა. ბანკში აცხადებენ, რომ სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღეს. ,,ეს თავის მხრივ, აგვარიდებს ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას და ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას.’’- განმარტავენ ეროვნულ ბანკში.