ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დადებულ სასესხო ხელშეკრულებაზე უარის თქმის 227 838 განაცხადი დაფიქსირდა; მოთხოვნის დაკმაყოფილების მაჩვენებელი 99%-ს აჭარბებს, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ეროვნულ ბანკში განუცხადეს.

უფრო კონკრეტულად, როგორც „ბიზნესპრესნიუსისთვის“ ეროვნული ბანკიდან მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წლის ივლისიდან მიმდინარე წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდში ამ უფლებით ჯამში, 226 986 პირმა ისარგებლა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი ივლისიდან მოქალაქეებს გარკვეულ შემთხვევებში დამტკიცებულ სესხზე უარის თქმა შეუძლიათ. კერძოდ, მომხმარებელს უფლება აქვს, უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის ვადაში.

მოქალაქეებს დამტკიცებულ სესხზე უარის თქმა შეუძლიათ

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად მიმართავენ მოქალაქეები სესხსა და კრედიტზე უარის თქმის მექანიზმს და ამ კითხვით ეროვნულ ბანკს მიმართა.

სებ-ის მონაცემებით 2024 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში ჯამურად ხელშეკრულებაზე უარის თქმის 85 068 განაცხადი დაფიქსირდა.

„აქედან საკრედიტო პროდუქტებზე - 22 473 განაცხადი (26.4%), ხოლო არასაკრედიტო პროდუქტებზე - 62 595 განაცხადი (73.6%); აღნიშნული განაცხადებიდან ჯამურად დაკმაყოფილდა 84 635 განაცხადი (99,5 %)“, - აღნიშნულია სებ-ის წერილში.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისს, ამ პერიოდში დაფიქსირდა დისტანციურად აღებულ 142 770 ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევა.

„აქედან საკრედიტო პროდუქტებზე - 51 723 განაცხადი (36.2%), ხოლო არასაკრედიტო პროდუქტებზე - 91 047 განაცხადი (63.8%); აღნიშნული განაცხადებიდან ჯამურად დაკმაყოფილდა 142 351 განაცხადი (99.8%)“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ ეროვნულ ბანკში.

ცნობისთვის, მომხმარებელს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, უფლება აქვს უარი თქვას როგორც დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე, ასევე სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის საკრედიტო ხელშეკრულებაზე მისი გაფორმებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება არ ვრცელდება ისეთ კრედიტებზე, რომლებიც უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით ან/და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ კანონით განსაზღვრული ფინანსური გირავნობით.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება აგრეთვე არ ვრცელდება ისეთ კრედიტებზე, რომლებიც უზრუნველყოფილია არამატერიალური ქონებრივი სიკეთით/მოძრავი ქონებით, გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან/და ძვირფასი ლითონებით ან/და ძვირფასი ქვებით უზრუნველყოფილი კრედიტებისა.

www.bpn.ge