„საზოგადოება და ბანკებმა“ საქართველოში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. ორგანიზაციის მონაცემებით, 2026 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, ასეთი ტიპის 348 841 სესხია გაცემული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა. შესაბამისად, იმ მსესხებლებს, რომელთა სესხის საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლებათ.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების რაოდენობის 63% იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე მოდის, 26% — მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემულ სესხებზე, ხოლო დიდი ბიზნესის წილი მხოლოდ 1%-ია. ჯამში, ამ ტიპის სესხების მოცულობა 21.5 მლრდ ლარს შეადგენს.

ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხების მოცულობა 4.8 მლრდ ლარია, სამომხმარებლო სესხების — 6.9 მლრდ ლარი, მცირე და საშუალო ბიზნესის სესხების — 6.8 მლრდ ლარი, ხოლო დიდი ბიზნესის — 2.9 მლრდ ლარი.

საშუალო მოცულობის მიხედვით, იპოთეკური სესხი 44 315 ლარს შეადგენს, სამომხმარებლო სესხი — 49 251 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხი — 77 284 ლარს, ხოლო დიდი ბიზნესის სესხი — 1 295 167 ლარს.

2024 წლის ოქტომბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, ხოლო 2025 წლის მარტიდან მიზნობრივ 3%-იან დონეს აჭარბებს. 2026 წლის აპრილში ინფლაციამ 5.9% შეადგინა, მომდევნო თვეებში კი 5.6%-მდე შემცირდა. შესაბამისად, ფასების სტაბილურობის შენარჩუნება ეროვნული ბანკისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„საზოგადოება და ბანკების“ ცნობით, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის ხარჯებს აძვირებს, რაც ინფლაციურ წნეხს ზრდის, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარზე. „საზოგადოება და ბანკების“ შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა საგარეო ფაქტორებით გამოწვეულ ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა, ამიტომ ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობა ნაკლებად იკვეთებოდა.

თუმცა, თუ ინფლაციური წნეხი გახანგრძლივდება, არ არის გამორიცხული, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლო, დეკემბრის სხდომაზე გაზარდოს.