2026 წლის თებერვლის ბოლოსათვის კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 71.06 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 654.63 მლნ ლარით (0.93% ით) მეტია წინა თვის მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.32%-ით მეტი).

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის თებერვალში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 14.20%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) გაიზარდა.

„ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 530.64 მლნ ლარით (1.31%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 123.99 მლნ ლარით (0.41%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.32%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.77 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.81%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 20.31 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.39%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.27 %-ით მეტი)“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვლის განმავლობაში 0.95%-ით, ანუ 351.47 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის 37.17 მლრდ ლარი შეადგინა.

„2026 წლის თებერვლის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.78% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.22 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, უცვლელია)“, - ნათქვამია სებ-ის სტატისტიკაში.