რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 29 სექტემბერს ხელი მოაწერა №706 ბრძანებულებას, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებისთვის რიგ მეზობელ ქვეყნებში ნაღდი რუბლის გატანაზე შეზღუდვები გამკაცრდა. დოკუმენტის მიხედვით, ფიზიკურ პირებს რუსეთიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში, აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში 1 მილიონ რუბლზე მეტი ნაღდი ფულის გატანა ეკრძალებათ. იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის შეზღუდვა თანხის ოდენობის მიუხედავად მოქმედებს.

საქართველოს აღნიშნულ ჩამონათვალში არ შედის, შესაბამისად, ბრძანებულებით დაწესებული 1-მილიონიანი ზღვარი საქართველოზე არ ვრცელდება.

ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთიდან ფულის გადინების სხვა არხების შეზღუდვის ფონზე. საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები აგვისტოში მკვეთრად შემცირდა, მათ შორის „ზოლოტაია კორონას“ სანქცირების და  შესაბამისად, საქართველოში გზავნილების შეჩერების შემდეგ.

ამასთან, საქართველოში რუსული რუბლის დეპოზიტების მოცულობა ბოლო პერიოდში გაიზარდა. ივლისში რუბლის დეპოზიტები ერთ თვეში 33%-ით, აგვისტოში კი კიდევ 25%-ით გაიზარდა და 3,8 მილიარდ რუბლს მიაღწია.

ფინანსური ნაკადების ზრდის ფონზე, ექსპერტულ და საჯარო სივრცეში ყურადღება გამახვილებულია საქართველოში რუსული კაპიტალის შესაძლო შემოდინების, სანქციების გვერდის ავლისა და ფულის გათეთრების რისკებზე. თუმცა, არსებული მონაცემებით, შეუძლებელია დადგინდეს, რა მოცულობის ნაღდი რუბლი შემოდის საქართველოში სახმელეთო საზღვრით და რა ნაწილია დაკავშირებული უკანონო ფინანსურ საქმიანობასთან.

რუსეთის მიერ ნაღდი რუბლის გატანაზე დაწესებული ახალი შეზღუდვები 29 სექტემბერსვე შევიდა ძალაში.