პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი განიხილეს. ცვლილებები ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მისი განცხადებით, ისევე როგორც გასულ წლებში, მიმდინარე წელსაც ეკონომიკური ტენდენციები გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ბიუჯეტის დაგეგმვის დროს იყო პროგნოზირებული.

მომხსენებლის თქმით, განახლებული ბიუჯეტი წარმოდგენილია წლიური 9%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში.

ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი შემცირებულია და შეადგენს 1%-ს, ნომინალური შიდა პროდუქტის მოცულობა - 90 მილიარდ 805 მილიონი ლარია.

პროექტის თანახმად, საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 1 126,5 მლნ ლარით და შეადგენს 25 696,0 მლნ ლარს. წარმოდგენილი ცვლილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 25 930,4 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 900,0 მლნ ლარით.

როგორც საბიუჯეტო ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, ეროვნულ ბანკს წარმოდგენილ დოკუმენტზე შენიშვნები არ აქვს.

„ჩვენ ორი პარამეტრით ვაფასებთ ბიუჯეტის პროექტს, ეს არის ფისკალური დეფიციტის დონე და მთავრობის ვალის პროცენტული ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან. ორივე მაჩვენებლის მიხედვით, შენარჩუნებულია მდგრადი დონე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება მილიარდ 400 მილიონი ლარით და ეს გადასახადებიდან მიღებული შემოსავალია.

პაატა კვიჟინაძის თქმით, ბიუჯეტი დაბალანსებულია, ყველა მაკროპარამეტრი ნორმაშია.

​ პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტს მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს