გლობალურ ბაზარზე ოქროსა და ვერცხლის ფასმა 19 იანვარს ახალ მაქსიმუმს მიაღწია, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 ევროპული ქვეყნის მიმართ, გრენლანდიასთან დაკავშირებული პოზიციის გამო, 10%-იანი ტარიფები დააანონსა.
„ბიბისის“ ცნობით, დილის მონაცემებით, ერთი უნცია ოქროს ფასი 4 689,39 აშშ დოლარი იყო, ხოლო ვერცხლის უნციის ფასი – 94,08 აშშ დოლარი.
ექსპერტების შეფასებით, ძვირფასი ლითონები გაურკვეველი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის დროს ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივებს წარმოადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოქროსა და ვერცხლის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, „ბიბისი“ კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გასულ წელს ოქროს ფასი 60%-ზე მეტით გაიზარდა.
17 იანვარს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან გერმანია, დანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ნორვეგია, ფინეთი, საფრანგეთი და შვედეთი შეერთებულ შტატებში გაგზავნილ საქონელზე 10%-იანი ტარიფის ქვეშ აღმოჩნდებიან. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ტარიფები 1-ელ ივნისს 25%-მდე გაიზრდება.
შიდა და საერთაშორისო ექსპერტები აცხადებენ, რომ ტარიფების მკაცრი პოლიტიკა შესაძლოა ნედლეულის ფასებზე დამატებით წნეხს მოახდინოს, რაც ინვესტორებს კვლავ ძვირფას ლითონებში უსაფრთხო პორტფელის შექმნისკენ უბიძგებს.