დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის პოლიტიკას სრულიად ცვლის. მან უკვე რამდენიმე დოკუმენტს უკვე მოაწერა ხელი. ერთ-ერთი მათგანი საგარეო დახმარებების 90 დღით შეჩერებას გულისხმობს. საინტერესოა, რა სიგნალია აღნიშნული გადაწყვეტილება იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც აშშ ფინანსურად ეხმარება და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამერიკული ფულით იკვებებიან. 

დონალდ ტრამპმა ორშაბათს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დროებით აჩერებს აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამას 90 დღით, სანამ განიხილება შეესაბამება თუ არა ისინი მისი პოლიტიკის მიზნებს. ეს ერთ-ერთია იმ მრავალ გადაწყვეტილებას შორის, რომელიც ტრამპმა პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ დაამტკიცა.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ შეესაბამება ამერიკის ინტერესებს და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს".

გარდა ამისა, ტრამპის ბრაძანებაში წერია, რომ „აშშ-ის საგარეო განვითარების დახმარებაზე პასუხისმგებელმა ყველა დეპარტამენტის და სააგენტოს ხელმძღვანელმა განვითარების დახმარების ფონდებიდან უნდა გააჩეროს ახალი ვალდებულებების აღება და თანხების გაცემა უცხო ქვეყნებისა და განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონტრაქტორებისთვის მანამ, სანამ შემდეგი 90 დღის განმავლობაში არ მოხდება ამ პროგრამების აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან პროგრამული ეფექტიანობის და თანამიმდევრულობის შეფასება. მართვისა და ბიუჯეტის ოფისმა უნდა აღასრულოს ეს შეჩერება მისი უფლებამოსილების ფარგლებში".

ტრამპის გადაწყვეტილება შეაფასეს საქართველოშიც.

„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩიბურდანიძე ელის, რომ ფულის ოდენობა მომავალში შემცირდება და მკაცრად გაკონტროლდება, რადგან მოქმედებს  მაფიოზური სქემა.

ეს არის ძალიან ხისტი მესიჯი მსოფლიოს იმ ქვეყნებისთვის, სადაც უხვად შედიოდა ამერიკის ფული, "იუესაიდის" და სხვადასხვა ფონების საშუალებით. სახელმწიფო ფონდებზეა საუბარი, თორემ კერძო ფონდი, მაგალითად, სოროსი, თავის ფულსს ისე დახარჯავს, როგორც უნდა, თუმცა მომავალში ამასაც მოეღება ბოლო და ესეც შეიზღუდება საქართველოში.

ტრამპმა ისიც თქვა, რომ ყველა ქვეყანაში ფული, ძირითადად, იხარჯებოდა იმისთვის, რომ ხელი შეეწყოთ ომის პოლიტიკის გაძლიერებისთვის. რადგანაც ე.წ. დახმარებები ამერიკსი ინტერესებს არ ემსახურებოდა, სწორედ ამიტომ შეაჩერა ისინი. 90 დღე არის ის ვადა, რა დროშიც გადახედავენ ქვეყნებთან პარტნიორობას, მიზნობრიობას, თუ რაში იხარჯებოდა თანხა.

ტრამპმა თქვა, რომ ამერიკა ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც იფლანგება უშედეგოდ, ამიტომ ეს ხარჯი უნდა შეიზღუდოს. ველი, რომ ფინანსური ნაკადი მომავალში შემცირდება და ძალიან გაკონტროლდება, რადგან აქ მთელი მაფიოზური სქემა იყო.

საქართველოში შემოსული ფულის 99% იხარჯებოდა საკუთარი ენჯეოებისთვის, მათი ინტერესის ქვეშ მყოფი ოპოზიციური "ენჯეოებისთვის", რომლებიც, ფაქტობრივად, მილიონერები გახდნენ. ეს იყო კორუფცია.

საქართველოში სეროზული კრიზისია, როგორც ოპოზიციურ, ისე სამოქალაქო სექტორის ფლანგზე. მთავრდება აგრესიული, რევოლუციური ოპოზიციის პერიოდი. ასავე მთავრდება ფულით მოსყიდული უცხო ქვეყნის აგენტური სამოქალაქო სექტორის პერიოდიც.

იწყება ნორმალური ოპოზიციის ეპოქა და მჯერა, რომ ეს ველი შეიცვლება საღად მოაზროვნე პოლიტიკოსების მეშვეობით. სახელმწიფოში აუცილებლად შეიქმნება ის სამოქალაქო სექტორი, რომელიც იტყვის, რომ მათთვის უმთავრესია საქართველოს ეროვნული ინტერესები. როგორც ტრამპი და მისი ხალხი ამბობს, ისე უნდა ვთქვათ ჩვენც, ქართველებმა", - განუცხადა „რეზონანსს" თამარ ჩიბურდანიძემ.

ტრამპმა გაპრეზიდენტებიდან მალევე არაერთ ცვლილებას მოაწერა ხელი და საგარეო დახმარებების გაყინვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ვარაუდობს, რომ ფინანსური დახმარებების შეჩერების მექანიზმი შესაძლოა, სამი თვის მერეც კიდევ გაგრძელდეს.

„დონალდ ტრამის განცხადება გრანტებს ეხება, რომელიც უცხოეთის ქვეყნებში მიედინება სხვადასხვა ფონდების მეშვეობით. აქ საქმე ეხება ყველანაირ დახმარებას.

საქართველოშიც შემოდიოდა სხვადასხვა ფონდებიდან ფული. მაგალითად, "იუსაიდიდან". ახლა ყველა დახმარება, რაც გათვალისიწნებული იყო ამ დროისთვის, უბრალოდ გაიყინა. ვგულისხმობ, არასამთავრობო სექტორისთვის გაკუთვნილ სხვადასხვა დაფინანსებას. ისინი ამ პერიოდში ვერ მიიღებენ ფულს და მერეც იმის მიხედვით მოხდება დახმარების გამოყოფა, თუ რამდენად მიზანშეწონილად ჩაითვლება თეთრი სახლისთვის ამ თანხების მოძრაობა.

მე ძალიან მეეჭვება, რომ ფული მომავალში მიიღონ, რადგან ბოლო წლებში საქართველოში საუბარი იყო უცხოური დახმარებით, ამ ფონდების მიერ გამოყოფილი თანხებით, არამიზნობრივ ხარჯვაზე პირდაპირ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

ტრამპის განცხადებაში ხაზგასმაა, რომ უცხოურ ქვეყნებში ფული ისეთი იდეების წახალისებისთვის იხარჯებოდა, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიოდა ამერიკის შიდა პოლიტიკასთან და ზოგადად, ქვეყნებს შორის სტაბილური ურთიერთობების განვითარებასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დახმარებები, რომელსაც ადგილობრივი ორგანიზაციები იღებდნენ, აღარ იქნება. რეალურად ეს სამი თვით კი არ შეჩერდება, არამედ გაცილებით დიდი ხნით.

ზოგადად საეჭვოა, რომ თანხები ისევ დაიძრას საქართველოსკენ როგორც აქამდე იყო. გვახსოვდეს, რომ „გამჭირვალობის" კანონის წინააღმდეგ სწორედ ფონდები გამოდიოდნენ. არასამთავრობო სექტორი დაფინანსების წყაროებისა და მიზნობრიობის გამჭვირვალობის წინააღმდეგ წავიდა. ამაზეა საუბარი, სხვა კი არაფერზე", - ამბობს გიორგი ცუცქირიძე.