სადაზღვევო კომპანია ChoiceQuote-მა მსოფლიო ქალაქების რეიტინგი შეადგინა, სადაც ტაქსის მომსახურებაზე ყველაზე მაღალი და დაბალი ტარიფები მოქმედებს. კვლევის შედეგებს Daily Mail აქვეყნებს.

კერძოდ, ამ კვლევის თანახმად, ტაქსის მომსახურება ყველაზე ძვირი პარიზშია. საფრანგეთის დედაქალაქში, დაახლოებით, 8 კილომეტრ მანძილზე მგზავრობის საშუალო ღირებულება 29.12 ფუნტი სტერლინგი ღირს, რომლის 7.5% ე.წ. ფეხის ქირაა.

პარიზის გარდა, ტოპ-4 ქალაქი, სადაც ტაქსის მომსახურება ყველაზე ძვირია:

მეორე ადგილზეა ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონი, სადაც ტაქსის მომსახურება, 10%-იანი „ფეხის ქირის” ჩათვლით, 27.96 ფუნტი სტერლინგი ღირს;

მესამე ადგილზე იტალიის სიდიდით მეორე ქალაქი მილანია, სადაც ტაქსით მგზავრობის საშუალო ღირებულება 24.57 ფუნტი სტერლინგია;

მეოთხე ადგილზე გავიდა იაპონიის სიდიდით მესამე ქალაქი, ოსაკა ტაქსით 8 კილომეტრ მანძილზე 24.06 ფუნტ სტერლინგად მომსახურების მხრივ;

ხუთეულს ნიდერლანდების დედაქალაქი ამსტერდამი ხურავს, სადაც ტაქსით მგზავრობის საშუალო ტარიფი, დაახლოებით, 24 ფუნტი სტერლინგია.

რაც შეეხება ტაქსით მომსახურების ყველაზე იაფ ქალაქებს, პირველი ადგილი ინდოეთის სიდიდით მეორე ქალაქმა დელიმ დაიკავა, სადაც 8 კილომეტრ მანძილზე მგზავრობის საშუალო ღირებულება, 12.5%-იანი „ფეხის ქირის” ჩათვლით, 2.06 ფუნტი სტერლინგია.

შემდეგი ტოპ-4 ქალაქის ჩამონათვალი, სადაც ტაქსით მომსახურება ყველაზე იაფია, ასე გამოიყურება:

მეორე ადგილზე 2.31 ფუნტი სტერლინგის ტარიფით ეგვიპტის დედაქალაქი კაიროა. ამ ღირებულებაში ტაქსის ტარიფზე დამატებული 10%-იანი „ფეხის ქირაც” შედის,

მესამე ადგილზე გავიდა ინდონეზიის ბალის უდიდესი ქალაქი დენპასარი, სადაც ამ ტარიფზე „ფეხის ქირა” არ გაიაცემა. ამ ქალაქში ტაქსით მგზავრობის საშუალო ღირებულება 2.41 ფუნტი სტერლინგია.

მეოთხე ადგილი დაიკავა ინდოეთის კიდევ ერთმა ქალაქმა აგრამ, სადაც ტაქსით მომსახურება, საშუალოდ, 3.74 ფუნტი სტერლინგი ღირს.

მეხუთე ადგილზე კი გავიდა ჩინეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი შანხაი, სადაც საშუალო ტარიფი 4.14 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

ChoiceQuote-ის კვლევამ აჩვენა, რომ შესწავლილი ადგილების 86%-ში „ფეხის ქირის” დატოვება სავალდებულოა. მძღოლის დამატებითი წახალისების ყველაზე მაღალი, ანუ 17.5%-იანი ტარიფი აშშ-ში მოქმედებს. მას სამხრეთ აფრიკა მოსდევს, სადაც ტაქსის მძღოლები მგზავრებისგან 15%-იანი „ფეხის ქირის” დატოვებას მოელიან. ინდოეთში, საბერძნეთსა და მექსიკაში 12.5%-იანი, ეგვიპტეში, ხორვატიასა და დიდ ბრიტანეთში 10%-იანი, ხოლო ვიეტნამში, თურქეთში, ჩეხეთში, იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში ტაქსით მგზავრობის ტარიფს 7.5%-იანი „ფეხის ქირა” ემატება.

tia.ge