მსოფლიო ეკონომიკაში დიდი გაურკვევლობაა. გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ამ მხრივ უაღრესად უარყოფითი როლი შეასრულა. საუბარია იმაზეც, რომ დიდი რეცესია იწყება. ამის ერთ-ერთ გამოხატულებად მიიჩნევა ოქროს არანორმალურად გაზრდილი ფასიც, რომელმაც ბოლო დღეების განმავლობაში აქამდე არსებული ყველა რეკორდი დაამხო.
გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებებზე სპეციალისტები ერთხმად საუბრობენ და უჭირთ იმის პროგნოზირება, უახლოეს მომავალში რა შეიძლება მოხდეს ან როგორ განვითარდეს მოვლენები. ერთი რამ ფაქტია, სურათი არასახარბიელოა და თუ მდგომარეობა არ დარეგულირდა, ჩვენს ქვეყანაზეც აუცილებლად არასასურველ გავლენას მოახდენს.
ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ადასტურებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე გაურკვეველი პროცესები, ჰიბრიდულ ომზე გაკეთებული განცხადებები და სხვა თანამდევი კრიზისული პროცესები, ხელს უწყობს გლობალურ ეკონომიკას რეცესიაში შევიდეს.
,,ფაქტია, ოქროს გაძვირება მსოფლიოში ეკონომიკური გაურკვევლობის ინდექსის ზრდამ გამოიწვია. რასაც ამერიკის შეერეთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებმა შეუწყო ხელი. მოგეხსენებათ, მისი მხრიდან კეთდება განცხადებები ჰიბრიდული ომის შესახებ, დაწესდა დამატებითი გადასახადები კანადისა და ევროპის მიმართ სხვადასხვა საქონელზე. ემუქრება ბრიქსის ქვეყნებს, რომ ყველას, ვინც ახალი ვალუტის შემოღებაზე დაიწყებს საუბარს დაუწესებს 100%-იან ტარიფებს და ა.შ.
ყველაფერმა ამან ინვესტორები გაურკვევლობაში ჩააგდო, გაჩნდა შიში და გაძვირდა როგორც ბუნებრივი, ასევე ციფრული ოქროც, რომელსაც ,,ბიტკოინი" ჰქვია. აქედან გამომდინარე, ეცემა დოლარის ინდექსი და კარგავს სიმყარეს.
რა თქმა უნდა, მსოფლიო ეკონომიკა რეცესიაში შევა. ეს პროცესი თვალში საცემი დაახლოებით ივნისში გახდება. ყველგან მძიმე სურათია. პრობლემები, თვითონ ამერიკის ეკონომიკასაც აქვს, ხოლო, როდესაც მსოფლიოში სიდიდით ნომერ პირველი ეკონომიკის ქვეყანას სირთულეები ექმნება, ეს ჯაჭვურად გადაეცემა სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის საქართვრლოსაც, რაც პროდუქციის გაძვირებაში გამოვლინდება.
აქვე უნდა ითქვას, რომ მარტო რეცესიასთან არ გვექნება საქმე. უკვე არის ნიშნები და ინდიკატორებში გამოჩნდა დეპრესიის საშიშროებაც. რამდენიმე კვირაა ვხედავთ, რომ ამერიკაში როგორც სახელმწიფო, ასევე ბიუჯეტურ სექტორში სამუშაო ადგილების შემცირება დაიწყო. კვების ობიექტებში ყველაფრის ფასი იზრდება. ამიტომაც, ადვილი შესაძლებელია ეს ყოველივე არა მარტო რეცესიისკენ წავიდეს, არამედ დეპრესიაშიც გადაიზარდოს", - ამბობს ნიკა შენგელია.
შექმნილი კრიზისი, რა თქმა უნდა, ევროპასაც გადაედება. მწარმოებლები დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან და პროდუქციის გაყიდვა გაჭირდებათ.
"გლობალური ეკონომიკის შენელებას, სამუშაო ადგილების დაკარგვა და ინფლაცია ზრდა მოჰყვება. ფაქტია, ევროპიდან შესულ საქონელზე, როცა დიდი გადასახადი დაწესდება, მისი გადინება ვეღარ მოხდება. მწარმოებელი საქონელს ვერ გაყიდის. თუ პროდუქცია ვერ გაასაღა, ევროპას უმუშევრობის ტალღა დაემუქრება. შესაბამისად, ჩვენი ემიგრანტებიც ამ ტალღაში მოყვებიან.
მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკა და ვალუტის კურსი გარკვეულწილად უცხოურ გადმორიცხვებზეა დამოკიდებული. თუ მათ პრობლემები შეექმნებათ, ამით ჩვენი ეკონომიკაც დაზარალდება და საქონელბრუნვა შემცირდება, რაც დაახლოებით აგვისტოს მონაცემებში გამოჩნდება და ნოემბერ-დეკემბერში აშკარა გახდება. მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაეცემა, ფასები კვლავ გაიზრდება და ეკონომიკურად მძიმე შემოდგომა დაგვიდგება.
გარდა ამისა, მსოფლიო ახალი ომების საშიშროების წინაშეა. მოლოდინია იმისა, რომ აზიაში ან ახლო აღმოსავლეთში ახალი ცეცხლის კერა გაჩნდეს. თუნდაც თურქეთის მაგალითზე ვხედავთ რაც ხდება. ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია. რეზინის ტყვიები დუშინეს მოქალაქეებს, მაგრამ არ ეშიანიათ. როდესაც მსგავსი ნეგატიური პროცესები ხდება ჩვენს რეგიონში, ცხადია, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად გავლენას მოახდენს", - განაცხადა ნიკა შენგელიამ და დასძინა, რომ დაახლოებით ოქტომბრიდან უმუშევრობა მოიმატებს, გაიზრდება ფასები, სამშენებლო სექტორში ფართების რეალიზაცია კიდევ უფრო შემცირდება.
ვითარების დრამატულობას ადასტურებს ეკონომისტი დემურ გიორხელიძეც. მისი შეფასებით, წლებია ოქრო სტაბილურად ძვირდება. ის კარგი სარეზერვო აქტივია და პოლიტიკური მიზეზები, დაძაბული საერთაშორისო მდგომარეობა მასზე პირდაპირ აისახება.
,,როდეასაც მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულია, ეკონომიკის განვითარებისთვის შესაბამისი პირობები ვერ შეიქმნება. ამოიტომაც ოქროსადმი მოთხოვნის ზრდას პოლიტიკური და საერთაშორისო მდგომარეობა განსაზღვრავს, ასევე დოლარის არეალის გარდაუვალად შემცირება. ცხადია, სახელმწიფოები თავიანთი სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციას ახდენენ.
ჯერჯერობით ვერ ვხედავ და არც რამე რეალური მონაცემები არსებობს, რომ მსოფლიოში ეკონომიკის გლობალური კრიზისი დაიწყოს, თუმცა ცალკეულ ქვეყნებში, მაგალითად ევროკავშირის ზონაში ეკონომიკას უჭირს. თუ პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება, სუსტი ეკონომიკისა და სხვაზე დამოკიდებული ქვეყნები სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან. ცალსახად გამოსახული ყველასთვის ცუდი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არაა", - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
იგი ვარაუდობს, რომ მცირე ზრდა ეკონომიკას 2025 წელსაც ექნება. ზოგადად კი კარგი პერიოდი მსოფლიოს წინ აქვს, მაგრამ იქამდე ჯერ ძალიან შორია.
,,თუ ყურადღებით გავაანალიზებთ, დიდი წინსვლა არც 2025 წელს ელოდება მსოფლიო ეკონომკიას. ზრდა იქნება, მაგრამ ის ისეთი მასშტაბის არა, რასაც ვარაუდობენ. საერთოდ კი, კარგი პერიოდი მსოფლიოს წინ აქვს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან იქამდე ჯერ ძალიან შორია.
რაც შეეხება მოსალოდნელ ომს, ეს ისტერია ევროპაში ძალიან ძლიერია. ევროკავშირს შანსი არა აქვს, რომ საომარ მოქმედებებში წარმატებას მიაღწიოს და არც ამერიკელები ჩაერთვებიან. ამ ფონზე რაიმე მშვიდობაზე საუბარი ძნელია.
თუ მსოფლიო პოლიტიკაში უფრო გართულდება სიტუაცია, რაც სულაც არ არის გამორიცხული, მაშინ გლობალურ ეკონომიკას გაცილებით დიდი საფრთხე შეექმნება. ის რომ მსოფლიო ეკონომკია რეცესიის გზით წავიდეს, ჯერჯერობით ასეთი სურათი გამოკვეთილი არ არის", - აღნიშნა გიორხელიძემ.
წყარო: რეზონანსი