მიკროსაფინანსო ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მოზიდული ფინანსური სახსრების მაღალი ფასი რჩება.
როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო დევდარიანმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ერთადერთი პარამეტრი, რომელიც გასულ წელთან შედარებით სექტორში გაუარესებულია, სწორედ მოზიდული სახსრების ღირებულებაა.
ნინო დევდარიანი ამბობს, რომ დღესდღეობით სექტორში არსებული ორგანიზაციების დაფინანსების მთავარი წყარო კომერციული ბანკებია, რაც თავის მხრივ, დაფინანსების შედარებით მაღალ ხარჯებს განაპირობებს.
“მოზიდული სახსრების ფასი ნამდვილად ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად და პრინციპში ეს ერთადერთი პარამეტრია, რაც წინა წლებთან მიმართებით გაუარესდა. თუ წინა წელს ეფექტური ფასი იმ სახსრების, რასაც სექტორი იზიდავდა დაახლოებით 10.7% იყო, წელს ჩვენ ამ მიმართულებით, დაახლოებით, 0.5%-იანი ზრდა ვიხილეთ.
მიკროსაფინანსო სექტორს დაფინანსების ორი ძირითადი წყარო აქვს - ადგილობრივი კომერციული ბანკებიდან მოზიდული და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მოზიდული სახსრები. ჩვენ გასულ პერიოდში ვიხილეთ ორი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიკრობანკების სექტორში გადასვლა და შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრების წილი მთლიან მოზიდულ სახსრებში. იმიტომ, რომ ეს ორი ორგანიზაცია იყო, რომლის დაფინანსების წყარო სწორედ საფინანსო ორგანიზაციები იყო.
დღესდღეობით, მიკროსაფინანსო სექტორის მოზიდულ სახსრებში დაახლოებით 80% სრულად არის ადგილობრივი კომერციული ბანკებიდან მოზიდული თანხები გარკვეულწილად, პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიკროსაფინანსო სექტორი მაინც არის კონკურენციაში ადგილობრივ კომერციულ ბანკებთან. ამიტომ იმისთვის რომ ეს [გამოწვევა] დაიძლიოს, საჭიროა, მოზიდული სახსრების წყაროების გაფართოება, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან უფრო აქტიური მუშაობა. თუმცა ამასაც აქვს გარკვეული წინაპირობები და თამაშის წესები იმისთვის, რომ ასეთი ორგანიზაციები დააინტერესო შენი ორგანიზაციით და მოიზიდო მათგან სახსრები”, - განაცხადა ნინო დევდარიანმა.