2023 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6468- დან 2.5876-მდე (2.2%-ით), ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2.8389-დან 2.7646-მდე (2.6%-ით) გამყარდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.5604 და 2.7862 შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.
სებ-ის ინფორმაციით, მარტში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ - 2.6169, ხოლო მინიმალურმა 2.5604 შეადგინა.
„მარტში გაცვლითი კურსის მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობები საშუალო დონიდან თითქმის თანაბრად იყო გადახრილი.
მარტში დოლართან მიმართებაში შესამჩნევია ლარის გამყარება, ასევე გამყარების ტენდენცია ჰქონდა სომხურ დრამს. ევრო და თურქული ლირა მცირედით, ხოლო რუსული რუბლი მნიშვნელოვნად გაუფასურდა, აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა.
ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები გამყარებას განაგრძობს. მარტში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 17.5%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 27.7%-ით გამყარდა. რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, ამავე პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.3%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.2%-ით გამყარდა. ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. სავაჭრო პარტნიორთაგან მარტში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ევროზონაში, ბელარუსსა და სომხეთში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო დაბალი - აშშ-სა და რუსეთში. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციები ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, - ნათქვამია მიმოხილვაში.