მაისში შემცირებულია როგორც ლარის, ისე უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვაშია საუბარი.

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 23.3%-ით გაიზარდა 2024 წლის მაისში, წინა თვის 21.8%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 56.4 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მაისში სესხების პორტფელის წლიურმა ზრდამ 19.0% შეადგინა. სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტება კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად 23.2%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიური ზრდა 15.7% იყო; 2024 წლის მაისში სესხების დოლარიზაციამ 45.6% შეადგინა (+0.97პპ წ/წ და +0.88პპ თ/თ).

2024 წლის მაისში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 12.2%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) 53.0 მლრდ ლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული 17.7%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ვალუტების მიხედვით, მაისში ლარის დეპოზიტები წლიურად 18.1%-ით (+29.1% წინა თვეში) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 6.3% იყო (+6.9% წინა თვეში). შედეგად, მაისში დეპოზიტების დოლარიზაცია 49.8%-მდე გაიზარდა (-0.69პპ წ/წ და +1.54პპ თ/თ), - ნათქვამია Galt&Taggart-ის ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვაში.