Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J და Thirty Seconds to Mars - ლეგენდარული ჯგუფებისა და არტისტების სია, რომელთაც „ბლექ სი არენამ“ 8 წლის განმავლობაში უმასპინძლა, გრძელია, თუმცა საკონცერტო დარბაზის კარები თითქმის 4 წლის განმავლობაში დახურული იყო. 10 000-მდე მაყურებელზე გათვლილი სივრცე საერთაშორისო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ვეღარ იღებდა და წლების განმავლობაში ზარალზე და სახელმწიფოს მილიონიან სუბსიდიაზე იყო.

„ბლექ სი არენა ჯორჯიასთვის“ გასული წელი დაგეგმილი კონცერტების გარდა, გამორჩეული იმითაც იყო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიით არ უსარგებლია. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ კომპანიამ სათანადო დაფინანსება ჯერ კიდევ 2022 წლის ბიუჯეტიდან მიიღო.

როგორც კომპანიის 2023 წლის ფინანსურ ანგარიშში ვკითხულობთ, 2022 წლის დეკემბერში „ბლექ სი არენამ“ მიიღო სახელმწიფო სუბსიდია (70 მლნ ლარი), რომელიც მიეკუთვნება 2023-2024 წლებში ჩასატარებელი კონცერტების სუბსიდირებას.

„კომპანიის საოპერაციო ხარჯები ყოველწლიურად ფინანსდება სახელმწიფო სუბსიდიით, იმ მიზნით, რომ კომპანია
არ დადგეს ფუნქციონირებადობის შეჩერების რისკის წინაშე, ასევე 2022 წლის ბოლოს კომპანიას უკვე მიღებული აქვს 2023 და 2024 წლის საოპერაციო დანახარჯების დასაფინანსებლად გამიზნული სახელმწიფო სუბსიდია.

კომპანიას 2022 წელს მიღებული ჰქონდა სახელმწიფო სუბსიდია 70,000 ლარის ოდენობით, რომელიც მიღებული იყო 2023 და 2024 წლების საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად. აღნიშნული თანხა მოიცავს, როგორც არტისტების ჰონორარებს, ასევე ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. კომპანიამ 2023 წელს შემოსავალში სისტემურ საფუძველზე აღიარა ამავე პერიოდში გაწეული ხარჯის შესაბამისი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრა 35,000 ლარის ოდენობით.

2023 წლის შემოსავალმა შეადგინა 54,188 ლარი, რაც 450%-ით აჭარბებს 2022 წლის ანალოგიურ მონაცემს. შემოსავლის 65% შედგება სახელმწიფოსგან მიღებული სუბსიდიისგან“, - ნათქვამია 2023 წლის ფინანსურ ანგარიშში.

კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშის მიხედვით ირკვევა, 6 წლიანი ზარალის შემდეგ „ბლექ სი არენასთვის“ გასული წელი მომგებიანი იყო, 2023 წელს კომპანიამ 8,3 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო. რაც შეეხება 2017-2022 წლებს, როგორც ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“-ს ზარალმა 2022 წელს 3.2 მლნ, 2021 წელს - 5 მლნ (რეკლასიფიცირებული), პანდემიურ წელს კი 4,5 მლნ შეადგინა. ეს რიცხვი 2019-ში - 2,2 მლნ იყო, 2018-ში 4,3 მლნ, ხოლო 2017- ში 6,4 მლნ. 

ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარი საკონცერტო დარბაზის შენახვა და დასაქმებულთა ხელფასები სახელმწიფოს 2017-2021 წლებში 35 მილიონ ლარამდე დაუჯდა, მხოლოდ 2022 წელს კი კომპანიას ხარჯებისთვის 9 მლნ ლარის სუბსიდია და 70 მლნ ლარი გასამართი კონცერტებისთვის გამოეყო. 

დარბაზის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო. კომპანიის მართვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება.

დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ ინიციატივით და $115 მილიონზე მეტი  ინვესტიციით დაიწყო. „ბლექ სი არენა“ ოფიციალურად 2016 წელს Christina Aguilera-ს კონცერტით გაიხსნა. 2019 წელს დარბაზი სამართავად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა.